თბილისი (GBC) – მითების დეტექტორმა სოციალურ ქსელში საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩის რობინ დანიგანისა და ბრიტანეთის მოქმედი ელჩის გარეტ უორდის სახელით გახსნილი ყალბი ანგარიშები აღმოაჩინა. მათ მიერ მომზადებულ კვლევაში წერია, რომ რობინ დანიგანის ანგარიშს, რომელიც 2026 წლის 3 აპრილს არის რეგისტრირებული, 27 აპრილის მონაცემებით 2,5 ათასი მიმდევარი ჰყავს, გარეტ უორდის ფეისბუქ პროფილს, რომელიც 12 აპრილს არის დარეგისტრირებული, 27 აპრილის მონაცემებით, – 1 300 მიმდევარი.
აღნიშნული პროფილების არაავთენტურობა საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის საელჩოებმაც დაადასტურეს. გარდა ამისა, საუბარია სხვა გარემოებებზეც, რომლებიც პროფილის საეჭვოობაზე მიუთითებს:
ორივე პროფილი აპრილშია შექმნილი და ორივეს „ჩვენს შესახებ“ განყოფილებაში რუსული ტელეგრამ არხის ბმული აქვს მითითებული.
რობინ დანიგანს ლინკდენის პროფილზე მითითებული აქვს, რომ გადამგარი ელჩია, ხოლო ახლადშექმნილ ფეისბუქსა და ტელეგრამ არხზე ის მოქმედ ელჩადაა მითითებული, ფეისბუქის პროფილი კი მხოლოდ საქართველოში ამერიკის საელჩოს პოსტებს აზიარებს.

რობინ დანიგანის სახელით შექმნილი პროფილი ძირითადად საქართველოში ამერიკის საელჩოს ფეისბუქის პოსტებს აზიარებს, რაც ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება. მით უფრო მაშინ, როცა დანიგანი სოციალურ მედიაში არც მაშინ იყო აქტიური, როცა ელჩის თანამდებობას იკავებდა, 2025 წლის 5 ივნისს კი ის თანამდებობიდან გადადგა და განაცხადა, რომ პირადი გადაწყვეტილებით პენსიაზე გასვლას აპირებდა.

ბრიტანეთის ელჩის ფეისბუქზე კი პოსტები საერთოდ არ იძებნება.
ორივე დიპლომატის საკონტაქტო ინფორმაციის სექციაში რუსული ტელეგრამ არხის ბმული აქვთ მითითებული, რომლითაც მათთან კომუნიკაციაა შესაძლებელი და რომელიც მათ არ ეკუთვნით. კიბერუსაფრთხოების რეგულაციებიდან გამომდინარე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დასავლელმა დიპლომატებმა რუსული ტელეგრამ არხი საჯარო კომუნიკაციისთვის გამოიყენონ.