თბილისი (GBC) – ყირგიზეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც ევროკავშირის მეორადი სანქციების ქვეშ მოხვდა. ანტირუსული სანქციების მე-20 პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ აამოქმედა სანქციებისთვის გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი. ქვეყანაში აიკრძალა ნებისმიერი პროგრამული მართვის მქონე მოწყობილობისა და რადიოაპარატურის მიწოდება.
„ევროკავშირი უგულებელყოფას არ გაუკეთებს მესამე ქვეყნების იმ ექსპორტიორების მიერ სანქციების სისტემატური გვერდის ავლის შემთხვევებს, რომლებიც რუსეთში ევროკავშირის სანქცირებული საქონლის რეექსპორტს ახდენენ. დღეს ევროკავშირმა აამოქმედა სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ ბრძოლის ინსტრუმენტი ყირგიზეთის რესპუბლიკის მიერ იმ მოთხოვნების სისტემატური და განმეორებითი შეუსრულებლობის გამო, რაც ეხება ევროკავშირიდან იმპორტირებული გარკვეული ჩარხებისა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის რუსეთში გაყიდვის, მიწოდების, გადაცემის ან ექსპორტის აღკვეთას, რომლებიც რუსეთში უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების წარმოებისთვის გამოიყენება“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ყირგიზეთში ექსპორტის აკრძალვის ქვეშ მოხვდა ნებისმიერი რიცხობრივი პროგრამული მართვის მქონე მოწყობილობა და რადიოაპარატურა.
„ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სავაჭრო მონაცემების საფუძვლიანი ანალიზის შედეგად, რომელიც მოწმობს ყირგიზეთის გავლით რუსეთში მაღალი პრიორიტეტულობის მქონე გავრცელებული საქონლის რეექსპორტის მნიშვნელოვან ზრდაზე“, - აღნიშნეს ევროკავშირის საბჭოში.
ევროკავშირმა ასევე დააწესა აკრძალვა ტრანზაქციებზე ყირგიზეთის კიდევ ოთხ ბანკთან. 2025 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდნენ ყირგიზული ბანკები: „ტოლუბაი“ და „ევრაზიული შემნახველი ბანკი“.
ყირგიზეთის ხელისუფლებას ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
თებერვალში Bloomberg წერდა, რომ ევროკავშირი ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ინსტრუმენტის გამოყენებას გეგმავდა.
ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა, 2025 წლის აგვისტოში გამოცემა „კაბართან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყნის გავლით რუსეთში სანქცირებული საქონლის შეტანის „არცერთი ფაქტი“ არ არსებობს. „რომ არსებობდეს, მაშინ ის ქვეყნები, რომლებიც პრეტენზიებს გვიყენებენ, წარადგენდნენ მტკიცებულებებს. ასეთი საკითხი არ არსებობს. პირიქით, არსებობს ფაქტები, რომ თავად ის სახელმწიფოები, რომლებმაც რუსეთს სანქციები დააწესეს, პირდაპირ თანამშრომლობენ მასთან მილიარდობით დოლარის მოცულობით“, - თქვა მან.
ყირგიზეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ მეორადი სანქციების დაწესება საგულისხმოა საქართველოსთვის, რადგან ეს ქვეყანა ქართული ექსპორტისთვის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებად იქცა.
საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 71.6% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული კი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი – $203.2 მილიონი, ყირგიზეთი – $190.9 მილიონი და რუსეთი – $145.5 მილიონი.
ყირგიზეთის მოხვედრა უმსხვილეს პარტნიორებს შორის ძირითადად რეექსპორტის, კერძოდ კი ავტომობილების გაყიდვების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ევროკავშირის მიერ ყირგიზეთისთვის დაწესებული შეზღუდვები ტექნოლოგიურ აღჭურვილობასა და საბანკო ტრანზაქციებზე, შესაძლოა, ირიბად აისახოს რეგიონულ სავაჭრო დინამიკაზე, იმის გათვალისწინებით, რომ ბრიუსელი ყირგიზეთს რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის ერთ-ერთ მთავარ დერეფნად მიიჩნევს.