თბილისი (GBC) – ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე სტარტაპი Memories.ai აცხადებს, რომ მუშაობს ადამიანის მკერდზე დასამაგრებელ მოწყობილობაზე, რომელიც მომხმარებლის ყოველდღიურ გამოცდილებებს აფიქსირებს, ამუშავებს და საჭიროების შემთხვევაში მათ მოძიებას ამარტივებს. ეს არის ფუნქცია, რომელსაც კომპანია პირობითად „გარე მეხსიერებას“ უწოდებს.

პროექტი, სახელწოდებით LUCI, ეფუძნება ე.წ. Large Visual Memory Model-ს – ვიზუალური მონაცემების დამუშავების ალგორითმს, რომელიც ვიდეოსა და გარემოს აღქმას კონტექსტურად აანალიზებს. კომპანიის განმარტებით, სისტემა არა მხოლოდ ინახავს ვიდეოჩანაწერებს, არამედ მათ შინაარსობრივად აწყობს, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს კონკრეტული მოვლენა, საუბარი ან ადგილი ბუნებრივი ენის გამოყენებით მოძებნოს.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, LUCI განსხვავდება ტრადიციული ვიდეოჩამწერი მოწყობილობებისგან, რადგან მისი მიზანი „ციფრული არქივის“ შექმნა კი არა, გამოცდილების კონტექსტური დამუშავებაა. სისტემა მუდმივად ახდენს მონაცემების ინდექსირებას და ქმნის ე.წ. „მეხსიერების რუკას“, რაც სწრაფ ძიებას უზრუნველყოფს. მაგალითისთვის, ლეგიძლიათ ამ მოწყობილობას ჰკითხოთ: „სად დამრჩა სახლის გასაღები“, ან ნებისმიერი ნივთი და ის გეტყვით, რომ გასაღები, პირობითად, სამზარეულოს მაგიდაზე დევს.

Memories.ai-ის ინფორმაციით, პროდუქტი ამ ეტაპზე განვითარების ფაზაშია და თავდაპირველად ხელმისაწვდომი იქნება დეველოპერებისა და ადრეული მომხმარებლებისთვის. კომპანიის გეგმებით, ფართო კომერციული გამოშვება 2026 წლის განმავლობაში იგეგმება, თუმცა ზუსტი თარიღი და ფასი ჯერ ოფიციალურად არ გამოცხადებულა.

ტექნოლოგიის მიმართ ინტერესთან ერთად, ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ პერსონალური მონაცემების დაცვისა და კონფიდენციალურობის საკითხებზე. Memories.ai აცხადებს, რომ მოწყობილობა მონაცემთა უსაფრთხოების მექანიზმებით იქნება აღჭურვილი და მომხმარებელი სრულ კონტროლს შეინარჩუნებს შენახულ ინფორმაციაზე.

ხელოვნური ინტელექტის მოწყობილობების ბაზარი ბოლო წლებში სწრაფად იზრდება, ხოლო კომპანიები ცდილობენ შექმნან სისტემები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ საქმიანობას უფრო მჭიდროდ ინტეგრირდება. LUCI ამ მიმართულებით ერთ-ერთ ამბიციურ პროექტად განიხილება, რომელიც მიზნად ისახავს ტექნოლოგიასა და პირად გამოცდილებას შორის ზღვრის კიდევ უფრო შემცირებას.

ჯამში კომპანიამ ამ სტარტაპისთვის 16 მილიონ დოლარზე მეტი მოიზიდა.