თბილისი (GBC) – ხელფასის მიმღებ პირთა რაოდენობა 1 006 550-მდე გაიზარდა. 2026-ის მარტის მდგომარეობით, PMC -ის ინფორმაციით, რაოდენობა თვეში 0.6%-ით, წლიურ ჭრილში კი 4.5%-ით არის მომატებული.
ბოლოდროინდელი ტრენდით, დაბალშემოსავლიანი ჯგუფების რაოდენობა მცირდება, ხოლო მაღალანაზღაურებადი კატეგორიების რიცხვი იზრდება:
- დაბალი ხელფასი: 600 ლარამდე თვიურ ანაზღაურებას 112 733 ადამიანი (მთლიანი რაოდენობის 11.2%) იღებდა. ეს მაჩვენებელი წინა წლის მარტთან შედარებით 2.4 პ.პ.-ით არის შემცირებული.
- საშუალო ხელფასი: 600-დან 1 200 ლარამდე ანაზღაურება დასაქმებულთა 18.6%-ს (187 000 პირი) ჰქონდა, ხოლო 1 200-დან 2 400 ლარამდე - 34.6%-ს (348 000 პირი). ამ უკანასკნელი კატეგორიის წილი წლიურად 5.6 პ.პ.-ით გაიზარდა.
- მაღალი ხელფასი: 2 400 ლარზე მეტი შემოსავალი დასაქმებულთა 35.6%-ს (358 000 პირი) დაუფიქსირდა.
- განსაკუთრებით მაღალი ხელფასი: 9 600 ლარს ან მეტს 33 216 პირი (მთლიანი რაოდენობის 3.3%) იღებდა, რაც წლიურად 0.5 პ.პ.-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PMC კვლევითი ცენტრის მონაცემები ასახავს შრომის ბაზარზე არსებულ დინამიკას, სადაც ხელფასების მოცულობის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის ყველა მაღალანაზღაურებად სეგმენტში ფიქსირდება.