თბილისი (GBC) - SoftBank Group-მა შეამცირა $10 მლრდ-ის მოცულობის მარგინალური სესხის აღების გეგმა, რომელიც OpenAI-ში მის წილს უნდა დაყრდნობოდა. ამის მიზეზი კრედიტორების მხრიდან გამოხატული ყოყმანი გახდა. ამის შესახებ პარასკევს Bloomberg News-მა საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით განაცხადა.

ანგარიშის თანახმად, Softbank-მა და ბანკირებმა დისკუსიებისას განიხილეს სამიზნე მაჩვენებლის $6 მლრდ-მდე შემცირება. ინვესტორებს თავდაპირველმა წინადადებამ წუხილი გაუჩინა იმის გამო, რომ რთულია OpenAI-ის მსგავსი არააქციონირებული (არასაჯარო) კომპანიის ზუსტი შეფასების დადგენა. 

მარგინალური სესხი გულისხმობს შემთხვევას, როდესაც ინვესტორი სესხულობს თანხას გამსესხებლისგან ფასიან ქაღალდებში ინვესტირებისთვის და გირაოდ თავად შეძენილ ინვესტიციებს იყენებს.

როგორც Bloomberg აპრილში იტყობინებოდა, ორწლიანი მარგინალური სესხი SoftBank-ს აძლევდა შესაძლებლობას, სურვილის შემთხვევაში, ვადიანობა კიდევ ერთი წლით გაეხანგრძლივებინა. დისკუსიები კვლავ გრძელდება და ისეთი დეტალები, როგორიცაა სესხის საბოლოო მოცულობა, შესაძლოა შეიცვალოს.

SoftBank OpenAI-ში ინვესტიციებს 2024 წლის სექტემბრიდან ახორციელებს.

2025 წლის იანვარში ორმა კომპანიამ ძალები გააერთიანა აშშ-ის ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურულ პროექტზე, სახელწოდებით Stargate.

მარტში იაპონურმა საინვესტიციო კონგლომერატმა განაცხადა, რომ მან $40 მლრდ-ის ოდენობის გარდამავალი სესხი მოიპოვა OpenAI-ში ინვესტიციების გასაძლიერებლად და ზოგადი კორპორაციული მიზნებისთვის.