თბილისი (GBC) – კომპანია Microsoft-მა ახალი თაობის კვანტური ჩიპი Majorana 2 წარადგინა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა.

კომპანიის განცხადებით, Majorana 2-ის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ახალი მასალების არქიტექტურაა, რომელმაც კუბიტების – კვანტურ კომპიუტერში ინფორმაციის შენახვის უმცირესი ერთეულის – საიმედოობა წინა თაობის Majorana 1-თან შედარებით 1000-ჯერ გაზარდა.

ამის შედეგად, კუბიტის საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 20 წამამდე გაიზარდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში მისი ფუნქციონირება ერთ წუთამდეც ნარჩუნდება.

„ეს გაუმჯობესება დაახლოებით იმ შემთხვევას ჰგავს, როცა მობილური ტელეფონის ბატარეა, რომელიც ჩვეულებრივ ერთ დღეში იცლება, ერთი დამუხტვით თითქმის სამი წლის განმავლობაში მუშაობდეს“, — აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Microsoft იმედოვნებს, რომ ახალი ტექნოლოგიის დახმარებით მასშტაბირებადი კვანტური კომპიუტერის შექმნას 2029 წლისთვის შეძლებს, რაც თავდაპირველ ვადებთან შედარებით ორჯერ უფრო ახლოსაა.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ასეთი სისტემები მომავალში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს გლობალური ჯანდაცვის, სასურსათო უსაფრთხოების, მდგრადი განვითარების და ენერგეტიკის სფეროებში არსებული რთული ამოცანების გადასაჭრელად.

შეგახსენებთ, მანამდე ჩინელმა მეცნიერებმა ხელოვნური ინტელექტისთვის განკუთვნილი ენერგოეფექტური ჩიპი შექმნეს, რომელიც, მათი მტკიცებით, ციფრულ ანალოგებზე 12-ჯერ სწრაფად მუშაობს.