თბილისი (GBC) - იანვარ-აპრილში საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი წლიურად 13.6%-ით გაიზარდა და $577 მლნ შეადგინა. სამთავრობო პროგრამის შესრულების მოხსენების თანახმად, საანგარიშო პერიოდში ქართული პროდუქცია მსოფლიოს 92 ქვეყანაში გავიდა.
სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის მიმართულებით, სადაც ექსპორტის ღირებულებამ $84 მლნ-ს მიაღწია, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით მეტია.
მზარდი დინამიკა წინა წლის რეკორდული მაჩვენებლების გაგრძელებაა. 2025 წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში სულ $1.8 მლრდ-ს ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია იქნა ექსპორტირებული, რაც 2024 წლის მონაცემებს 10%-ით აღემატება. მათ შორის, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი წლიურად 36%-ით გაიზარდა და $245 მლნ შეადგინა.
საქართველოს აგროსასურსათო ექსპორტის სტრუქტურაში წამყვან პოზიციებს კვლავ ყურძნის ნატურალური ღვინოები და სპირტიანი სასმელები იკავებს. 2025 წელს ამ მიმართულებით სულ 550 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა: მსოფლიოს 71 ქვეყანაში $268 მლნ-ს ღირებულების 90 მილიონამდე ლიტრი ღვინო, ხოლო 55 ქვეყანაში - $282 მლნ-მდე ღირებულების 41 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი.
ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება 1Q26-შიც, სადაც მსოფლიოს 51 ქვეყანაში რეალიზებულია $53.2 მლნ-ს ღირებულების 17.3 მილიონი ლიტრი ქართული ღვინო. გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 5%-ით, ხოლო ღირებულება 7%-ით არის გაზრდილი.