თბილისი (GBC) - საქართველოს პროკურატურამ, აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი მასშტაბური ღონისძიების შედეგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მისაღებად შექმნილი ყალბი „ქეისებისა“ და დოკუმენტების დამზადების თაღლითური სქემა გამოავლინა. გამოძიებამ უკვე დაადგინა იმ 366 მოქალაქის ვინაობა, რომლებმაც ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს მიმართეს და ყალბი ისტორიები შეუკვეთეს. საქმეზე სულ 9 პირია პასუხისგებაში მიცემული, მათგან 3 დაკავებულია, ხოლო 6 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

ამის შესახებ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ სამშაბათს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

გამოძიებით დადგინდა, რომ აშშ-ში საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებისა და საზღვრის გადაკვეთის გაძნელების ფონზე, საქართველოს ოთხმა მოქალაქემ ორგანიზებული ჯგუფი ჩამოაყალიბა. ისინი ამერიკაში თავშესაფრის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს ე.წ. „ქეისების“ შექმნას, მტკიცებულებების შეგროვებასა და სასამართლოში მხარდაჭერას ჰპირდებოდნენ. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თავშესაფრის მაძიებელთათვის არარსებულ ისტორიებს იგონებდნენ, თითქოს მათ საქართველოში პოლიტიკური შეხედულებებისა თუ სექსუალური ორიენტაციის გამო დევნიდნენ.

ამ ყალბი ისტორიების დამზადებისა და „გამყარებისთვის“ ჯგუფი მოქალაქეებისგან სოლიდურ თანხებს იღებდა, კერძოდ:

  • ყალბი „ქეისის“ შედგენა - 1 000-დან 1 500 აშშ დოლარამდე
  • ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - 3 000 აშშ დოლარი
  • საქმის წარმოება და წარმატებით დასრულება - დამატებით 6 000-დან 8 000 აშშ დოლარამდე თითოეული პირისგან

გარდა ამისა, ჯგუფის წევრები აშშ-ის საემიგრაციო პატიმრობაში მყოფ ქართველებსაც ჰპირდებოდნენ დახმარებას, რა გზითაც 4 მოქალაქის კუთვნილ 10 000 აშშ დოლარს დაეუფლნენ, თუმცა პირობა არ შეასრულეს. დაჯგუფება მოქალაქეებს კანადის ვიზების ყალბი დოკუმენტებით უზრუნველყოფასაც სთავაზობდა.

ერთობლივი გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა მეორე ორგანიზებული ჯგუფიც, რომელიც სოციალური ქსელებით აშშ-ის ვიზის მიღების მსურველებს ეძებდა. მათ 65 მოქალაქეს საელჩოში წარსადგენად ყალბი დოკუმენტები დაუმზადეს, რის სანაცვლოდაც ვიზის მიღების შემდეგ ხელზე 112 000 აშშ დოლარი აიღეს.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩომ დოკუმენტების ნაწილი გადაამოწმა და სიყალბე აღმოაჩინა, ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც დანაშაულებრივი ჯგუფი ეხმარებოდა, ვიზა გაუუქმდა. მიუხედავად ამისა, 2025 წლის იანვრიდან 2026 წლის თებერვლის ჩათვლით, ამ ჯგუფმა მოქალაქეებისგან ფინანსური სარგებლის სახით მაინც მოასწრო 142 786 აშშ დოლარის, 15 095 ლარისა და 1 560 ევროს მიღება.

ბრალდებულებს ბრალი ედებათ თაღლითობაში (დიდი ოდენობით, ჯგუფურად), ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღებასა და უცხო ქვეყანაში მცდარი ინფორმაციით თავშესაფრის მიღების ორგანიზებაში. აღნიშნული მუხლები სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ცხრავე ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უახლოეს ხანში მიმართავს. გამოძიება გრძელდება სხვა ეპიზოდებში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით.