თბილისი (GBC) - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, მიმდინარე წლის 5 თვეში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) - 1036 განაცხადი დაფიქსირდა, ხოლო შესული ზარების რაოდენობამ 3150 შეადგინა. შესული განცხადებების რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 106%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, GCCA-ის გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 122 დარღვევის ფაქტი დადასტურდა - 299 საქმეზე.

GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 53 მოვაჭრეს - 82 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა, ჯამში - 69 176 ლარის ოდენობით. ამასთან, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 109 საქმეზე - 93 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულებები - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში არსებული სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგათ.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 70% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 30% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. ადგილმდებარეობის მიხედვით, სააგენტოსთვის მომართვიანობისას, დიდი წილი - 80% თბილისს უჭირავს, შემდეგ კი მოდის რეგიონები - აჭარა 6%, იმერეთი 4%, ქვემო ქართლი 3%, კახეთი 2%, სამეგრელო ზემო-სვანეთი 1% და სხვ.

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე დაფიქსირდა 422 განაცხადი, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან შეცვლაზე 251, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე 224, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე 54, ხოლო სხვა დანარჩენზე - 85. სექტორების მიმართულებით, სტატისტიკის თანახმად, 71%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებდა, ტრანსპორტი და დასაწყობება 11%, განთავსება და საკვების მიწოდება 2%, ხელოვნება, გართობა და დასვენება - 3%, ხოლო სხვა სახის საქმიანობები 13%.