თბილისი (GBC) – აზოვის ზღვაში დრონებით ორ სატვირთო გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ხუთი მოქალაქე დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა აიჰან ჰაჯიზადემ განაცხადა.
მისი თქმით, თავდასხმის დროს უცხოური დროშის ქვეშ მცურავ ორ სატვირთო გემზე, „ნატრასა“ და „ცირკონზე“, საერთო ჯამში აზერბაიჯანის 25 მოქალაქე იმყოფებოდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული გემები აზერბაიჯანის სახელმწიფოს არ ეკუთვნის.
„რუსული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, თავდასხმის შედეგად დაიღუპა ხუთი აზერბაიჯანის მოქალაქე, ხოლო სამი დაშავდა. დაშავებულები ქალაქ ეისკის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი“, — განაცხადა ჰაჯიზადემ.
მისივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კოორდინაციას უწევს მუშაობას შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და დაინტერესებული სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებთან. შემთხვევის ადგილზე უკვე გაემგზავრნენ რუსეთში აზერბაიჯანის საელჩოს თანამშრომლები.
„მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სამშობლოში დაბრუნებასთან და საჭირო საკონსულო დახმარების გაწევასთან დაკავშირებული საკითხები ჩვენი კონტროლის ქვეშაა“, — აღნიშნა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
შეგახსენებთ, რომ 5 ივნისის ღამეს აზოვის ზღვის ტაგანროგის ყურეში დრონებით თავდასხმის სამიზნე სატვირთო გემები „ნატრა“ და „ცირკონი“ გახდნენ.