თბილისი (GBC) - რუსული დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა და პარასკევს, გამთენიისას, საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა, რამაც ხანძარი და ორ ადამიანის მსუბუქი დაშავება გამოიწვია, ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დრონი ბრიუსელის დროით დაახლოებით 1 საათზე დაეჯახა უკრაინის საზღვართან მდებარე გალათის მუნიციპალიტეტის, შტირექს-მაზეპას (Stirex-Mazepa) უბანში მდებარე შენობის სახურავს.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონმა საზღვარი უკრაინიდან გადაკვეთა, სადაც რუსეთი სამოქალაქო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმებს ახორციელებდა. ჰაერში აიჭრა ორი F-16 ტიპის თვითმფრინავი და პილოტებს „განგაშის განმავლობაში სამიზნეების განადგურების უფლებამოსილება“ მიეცათ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სამინისტრომ არსებულ სიტუაციას „დინამიკური“ უწოდა.

გასულ თვეში, ორი ბრიტანული თვითმფრინავი მას შემდეგ აიჭრა ჰაერში, რაც რუსული დრონები უკრაინის მხრიდან რუმინეთის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდნენ, თუმცა მათ ცეცხლი არ გაუხსნიათ, რადგან დრონებს საზღვარი არ დაურღვევიათ. დრონების ნამსხვრევები რუმინეთის ქალაქ ვაკარენის ერთ-ერთ ფერმაში ჩამოვარდა.