თბილისი (GBC) - საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს.
გადაწყვეტილება საკოლექციო მონეტების გამოშვების თაობაზე ეროვნულმა ბანკმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავთან დაკავშირებით შექმნილი, მთავრობის და საპატრიარქოს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის წინადადების გათვალისწინებით მიიღო.
სებ-ის ინფორმაციით, კომისიის თანათავმჯდომარეები არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე.
საკოლექციო მონეტის გამოშვებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდეს და უნეტარეს შიო მესამეს შეხვდა და მონეტის კონცეფცია და შინაარსი გააცნო.
მონეტის დიზაინზე ეროვნული ბანკი საპატრიარქოსთან ერთად იმუშავებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ეპოქალურ მოვლენებს. ამას ადასტურებს წინა წლებში გამოშვებული ისტორიული მოვლენებისადმი მიძღვნილი მონეტებიც, მათ შორის, ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლის საიუბილეო თარიღების აღსანიშნად გამოშვებული 10 ლარის ნომინალის მონეტები.