თბილისი (GBC) - სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკა მუდმივი კონფლიქტის ხაფანგიდან გამოვიდა. ეს განცხადება მან, ოთხშაბათს, გეღარქუნიკის პროვინციის სოფელ წოვაკში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. ფაშინიანი ამჟამად მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების“ საარჩევნო სიას უდგას სათავეში.

პრემიერ-მინისტრმა აღიარა, რომ წარსულში თავადაც იყო იმ იდეოლოგიის ერთგული, რომლითაც ქვეყანა 30 წლის განმავლობაში იკვებებოდა, თუმცა რეალობის დანახვის შემდეგ გააცნობიერა, რომ „ყარაბაღის მოძრაობის“ გაგრძელება მახე და ცდუნება იყო. მისი თქმით, ამ გზის გაგრძელება ქვეყანას ახალ ომებს, მსხვერპლსა და სახელმწიფოებრიობის დაკარგვას მოუტანდა.

„სრული გულწრფელობით ვთქვი, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ეს კონფლიქტი, ეს სისხლმდინარე ჭრილობა მომავალ თაობებს გადავცეთ. ჩვენ ჩვენს შვილებს მშვიდობა უნდა დავუტოვოთ. დიახ, ეს მე გამოვიჩინე სიმამაცე და ვუთხარი ხალხს, რომ ჩვენ არასწორი გზით მივდივართ. ამის წყალობით, ჩვენ ახლა უფრო მეტად სახელმწიფო ვართ, ვიდრე ოდესმე; უფრო დამოუკიდებლები ვართ, უფრო უსაფრთხო გარემოში და უფრო კეთილდღეობაში, ვიდრე ოდესმე“, - აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეისათვის სომხეთში მშვიდობაა დამყარებული და უკვე ორი წელია, რაც ქვეყნის საზღვრებზე მსხვერპლი და დაჭრილები არ ყოფილან, რაც დაღუპულთა ხსოვნისადმი უდიდესი პატივისცემაა.

„ჩვენ გავათავისუფლეთ, მე გავათავისუფლე სომხეთის რესპუბლიკა. და მე ამას მივიჩნევ ჩემს უდიდეს სამსახურად, რომელიც ქვეყანას გავუწიე“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა გამოსვლის დასასრულს.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს გაიმართება.