თბილისი (GBC) - 2026 წლის პირველ ხუთ თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთში" (APM Terminals Poti) საკონტეინერო ტვირთბრუნვა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.2%-ით გაიზარდა. კომპანიის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-მაისში პორტმა ჯამურად 277,081 TEU (ოცფუტიანი კონტეინერის ეკვივალენტი) ტვირთი დაამუშავა.

ეს მაჩვენებელი საგრძნობლად აღემატება როგორც 2025 წლის (255,944 TEU), ისე 2024 წლის პირველი ხუთი თვის შედეგს (225,630 TEU).

ნავსადგურში ზრდის დინამიკა თვიურ ჭრილშიც სტაბილურად ნარჩუნდება. კერძოდ, მიმდინარე წლის მარტში ტერმინალმა 52,959 TEU დაამუშავა, აპრილში ეს მაჩვენებელი 58,665-მდე გაიზარდა, ხოლო მაისში პიკურ ნიშნულს - 64,952 TEU-ს მიაღწია.

საკონტეინერო გადაზიდვების პარალელურად, გაზრდილია ფოთის საზღვაო ნავსადგურის მიერ მიღებული გემების რაოდენობაც. 2026 წლის დასაწყისიდან დღემდე პორტმა 172 საკონტეინერო გემს უმასპინძლა, მაშინ როდესაც 2025 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 139-ს, ხოლო 2024 წელს 131-ს შეადგენდა.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ინფორმაციით, პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება გენერალური ტვირთების მიმართულებითაც. მიმდინარე წლის ხუთ თვეში დამუშავდა 160,857 ტონა გენერალური ტვირთი, რაც აჭარბებს 2025 წლის (128,828 ტონა) და მნიშვნელოვნად აღემატებს 2024 წლის მაჩვენებელს (90,281 ტონა).

რაც შეეხება საბორნე გზით გადაზიდულ ტვირთებს, მიმდინარე წლის ხუთ თვეში მისმა მოცულობამ 80,765 ტონა შეადგინა. შედარებისთვის, ეს მაჩვენებელი 2025 წელს 69,123 ტონა იყო, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში - 80,265 ტონა.

საერთო ზრდის ფონზე, კლება ფიქსირდება ავტომობილების გადაზიდვებში. 2026 წლის იანვარ-მაისში ტერმინალმა 6,149 მანქანიანი კონტეინერი დაამუშავა, რაც გასულ წლებთან შედარებით ნაკლებია: 2025 წლის ხუთ თვეში ეს მაჩვენებელი 8,257 ერთეულს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს - 8,134-ს.