თბილისი (GBC) - უნგრეთის ანტიკორუფციული სამსახური (Integrity Authority) ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობის მაღალჩინოსნების სისხლისსამართლებრივ დევნასა და ევროკავშირის მოპარული მილიარდობით ევროს უკან დაბრუნებას მოითხოვს, წერს გამოცემა POLITICO.

უწყების ხელმძღვანელის, ფერენც პალ ბიროს განცხადებით, გამოვლენილია კორუფციული სქემები, რომელთა საშუალებითაც ორბანის 16-წლიანი მმართველობისას სახელმწიფო შესყიდვების ფასები ხელოვნურად იზრდებოდა. მისი თქმით, ბოლო 4 წელში სამ კომპანიასთან გაფორმებული 10-მილიარდიანი კონტრაქტებიდან მინიმუმ 3.5 მილიარდი ევრო კორუფციულ რისკებს შეიცავს, მითვისებული თანხების დიდმა ნაწილმა კი ქვეყანა უკვე დატოვა.

ეს მოთხოვნა უნგრეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, პიტერ მადიარისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც ამჟამად ბრიუსელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს კანონის უზენაესობის დარღვევის გამო გაყინული 16.4 მილიარდი ევროს მოცულობის ფონდების „განბლოკვაზე“.

ევროკავშირის დაფინანსების მისაღებად მადიარის მთავრობამ აგვისტოს ბოლომდე კორუფციასთან ბრძოლის ეფექტური გეგმა უნდა წარადგინოს. ამ მიზნით, ახალმა ადმინისტრაციამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ევროპის პროკურატურასთან (EPPO) შეერთებისა და აქტივების აღდგენის სპეციალური სააგენტოს შექმნის შესახებ.