თბილისი (GBC) – ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანია OpenAI-მ აშშ-ში პირველადი საჯარო შეთავაზების (IPO) განხორციელებისთვის კონფიდენციალური განაცხადი შეიტანა.
კომპანიამ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ახლახან წარადგინა კონფიდენციალური განაცხადი S-1 ფორმით.
„ცოტა ხნის წინ კონფიდენციალური S-1 განაცხადი შევიტანეთ. ველოდებით, რომ ის საჯარო გახდება, ამიტომ ამის შესახებ წინასწარ ვაცხადებთ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
OpenAI-ის ინფორმაციით, IPO-ს ზუსტი ვადები ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის.
„ამ პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან არსებობს საკითხები, რომელთა განხორციელებაც კერძო კომპანიის სტატუსით უფრო მარტივია“, – აცხადებენ კომპანიაში.
ანალიტიკოსების შეფასებით, 2026 წლის მარტის ბოლოს OpenAI-ის საბაზრო ღირებულება დაახლოებით $852 მლრდ–ს შეადგენდა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, კომპანია შესაძლოა საფონდო ბირჟაზე 2026 წლის სექტემბერში გავიდეს. აქციების განთავსების შედეგად OpenAI მიზნად ისახავს საბაზრო კაპიტალიზაციის 1 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას.
OpenAI 2015 წელს დაარსდა და ბოლო წლებში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიად იქცა. კომპანიის ყველაზე ცნობილი პროდუქტი ChatGPT-ია, რომელსაც ასობით მილიონი მომხმარებელი ჰყავს. OpenAI-ის მსხვილ ინვესტორებს შორისაა Microsoft, რომელმაც კომპანიაში ათობით მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. თუ IPO შედგება, OpenAI მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ საჯარო ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის მოხვდება.