თბილისი (GBC) – აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანთან მიღწეულ შეთანხმებას „ისტორიული გარღვევა“ უწოდა. „ეს გრანდიოზული შეთანხმება მშვიდობასა და უსაფრთხოებას მოუტანს მთელ რეგიონს“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
მისი თქმით, წარსულში არაერთი ამერიკელი პრეზიდენტი ცდილობდა ირანთან შეთანხმების მიღწევას, თუმცა უშედეგოდ.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ჰორმუზის სრუტე კვლავ გაიხსნება.
ამავდროულად, ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესმა საბჭომ განაცხადა, რომ თეირანმა და ვაშინგტონმა მრავალთვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ომის დასრულების მემორანდუმზე მუშაობა დაასრულეს.
საბჭოს ცნობით, სამხედრო მოქმედებები ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, „დაუყოვნებლივ და სამუდამოდ“ შეწყდება. მემორანდუმის ოფიციალური ხელმოწერა 19 ივნისისთვისაა დაგეგმილი, ხოლო საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყება, რაც მხარეები ჩარჩო-შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს შეასრულებენ.
ირანულმა სააგენტო Mehr-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმების პროექტი 14 პუნქტისგან შედგება, კერძოდ:
1. სამხედრო მოქმედებების სრული და მუდმივი შეწყვეტა;
2. აშშ-ის ვალდებულება, პატივი სცეს ირანის სუვერენიტეტს და არ ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში;
3. 30 დღის განმავლობაში საზღვაო ბლოკადის სრულად მოხსნა;
4. აშშ-ის სამხედრო ძალების გაყვანა ირანის მიმდებარე ტერიტორიებიდან;
5. ჰორმუზის სრუტის გახსნა;
6. ირანის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტზე დაწესებული სანქციების შეჩერება;
7. ირანის ფინანსურ აქტივებზე სრული წვდომის აღდგენა;
8. ირანის ეკონომიკური აღდგენისთვის არანაკლებ 300 მილიარდი დოლარის მოცულობის პროგრამების მომზადება;
9. ბირთვულ საკითხებზე საბოლოო შეთანხმების მისაღწევად 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყება;
10. ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნაზე უარის დადასტურება;
11. აშშ-ის ვალდებულება, არ გაზარდოს რეგიონში სამხედრო კონტინგენტი და არ დააწესოს ახალი სანქციები;
12. 24 მილიარდი დოლარის მოცულობის გაყინული ირანული აქტივების განბლოკვა.
13. საბოლოო შეთანხმებას რეზოლუციით დაადასტურებს გაეროს უშიშროების საბჭო;
14. დოკუმენტის თანახმად, საბოლოო შეთანხმება მხოლოდ ბირთვული პროგრამის, ურანის გამდიდრებისა და სანქციების მოხსნის საკითხებს შეეხება, ხოლო ირანის სარაკეტო პროგრამა და რეგიონულ დაჯგუფებებთან ურთიერთობები მოლაპარაკებების დღის წესრიგში არ იქნება შეტანილი.
ირანსა და აშშ-ს შორის შესაძლო შეთანხმებამ ენერგეტიკულ ბაზრებზე მყისიერი რეაქცია გამოიწვია. ინვესტორები ვარაუდობენ, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა და ირანული ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვების შემსუბუქება გლობალურ ბაზარზე ნავთობის დამატებითი მოცულობების გამოჩენას ხელს შეუწყობს.
ორმუზის სრუტე მსოფლიოში ნავთობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო მარშრუტია. მისი გავლით ყოველდღიურად მსოფლიო ნავთობის მოხმარების დაახლოებით მეხუთედი გადაადგილდება. რეგიონში სამხედრო დაძაბულობის შემცირება, როგორც წესი, ნავთობის ფასებზე კლების მიმართულებით მოქმედებს, რადგან მიწოდების შეფერხების რისკები მცირდება.
ბოლო კვირების განმავლობაში რეგიონში დაძაბულობის გამო ნავთობის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუმცა შეთანხმების შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ ტრეიდერებმა შესაძლო დამატებითი მიწოდების და სატრანსპორტო რისკების შემცირების ფაქტორი გაითვალისწინეს. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ შეთანხმება სრულად ამოქმედდება და ირანული ნავთობი საერთაშორისო ბაზარზე შეუფერხებლად დაბრუნდება, ეს შესაძლოა Brent-ისა და WTI-ის მარკის ნავთობის ფასებზე, სავარაუდოდ, დამატებით დაღმავალ ზეწოლას მოახდენს.