თბილისი (GBC) – რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეფონით 55 წუთის განმავლობაში ესაუბრა. საუბრის მთავარი თემები უკრაინაში მიმდინარე ომი და საერთაშორისო დღის წესრიგის სხვა საკითხები იყო.

კრემლის ლიდერის თანაშემწის იური უშაკოვის ინფორმაციით, ტრამპმა პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ომი უკრაინაში და განაცხადა, რომ ეს აშშ-რუსეთის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყების შესაძლებლობას შექმნიდა.

უშაკოვის თქმით, ტრამპმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, გავლენა მოახდინოს ევროპელ პარტნიორებსა და კიევზე, მათ შორის G7-ის სამიტის ფარგლებში დაგეგმილი კონტაქტების დროს.

ამის საპასუხოდ პუტინმა განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის მცდელობები, დაარტყას რუსეთის მშვიდობიან ინფრასტრუქტურას, ვერ შეცვლის უკრაინისთვის ფრონტზე შექმნილ კრიტიკულ ვითარებას“.

კრემლის ცნობით, პუტინმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ G7-ის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები კონფლიქტის გაგრძელების მომხრე ინიციატივებით გამოვლენ.

უშაკოვის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს პერიოდში მოსკოვს ამერიკელი წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი ეწვევიან.

პუტინის განცხადებები უკრაინისთვის „კრიტიკული ვითარების“ შესახებ ეწინააღმდეგება ბოლო თვეებში გამოქვეყნებულ რიგ დამოუკიდებელ შეფასებებს. მათ შორის, Institute for the Study of War (ISW) მიუთითებდა, რომ 2026 წლის აპრილსა და მაისში რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე წმინდა ტერიტორიული დანაკარგები განიცადა.

დასავლელი ანალიტიკოსები ამ ტენდენციას უკრაინული კონტრშეტევებით, დრონების გამოყენების ზრდითა და რუსეთის სამხედრო ლოგისტიკაზე გაძლიერებული ზეწოლით ხსნიან.

ამავდროულად, პუტინი საჯაროდ კვლავ ამტკიცებს, რომ რუსული ძალები ფრონტის თითქმის ყველა მიმართულებაზე წინ მიიწევენ. დასავლურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, კრემლში რჩება მოლოდინი, რომ რუსეთი დონბასის სრულ კონტროლს უახლოეს თვეებში მოიპოვებს, თუმცა ამ პროგნოზების ფაქტობრივი დადასტურება არ არსებობს.

უკრაინაში ომის დასრულების პერსპექტივა კვლავ ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის მიმდინარე კონტაქტებში, თუმცა მხარეების პოზიციები ამ დრომდე არსებითად განსხვავდება.