თბილისი (GBC) – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან შეხვედრისას წამოჭრა საკითხი, რომ რუსი ბიზნესმენის, რომან აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ Chelsea F.C.-ის გაყიდვიდან მიღებული თანხები უკრაინის დასახმარებლად იქნეს გამოყენებული.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული თანხები, მათ შორის, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებასა და აშშ-ში დამატებითი ანტისარაკეტო სისტემების შესაძენად შეიძლება იყოს მიმართული.
„ისინი (საჰაერო თავდაცვის რაკეტები) ძალიან ძვირია და, რა თქმა უნდა, ეს თანხა შეიძლება დაგვეხმაროს. ეს სამართლიანია. რუსეთმა დაიწყო ეს ომი. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ რუსული ფული?“, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტმა ხუმრობით გაიხსენა გასულ თვეს კიევში აბრამოვიჩთან შეხვედრაც.
„ვუთხარი: ჩვენ შენი ფული გვჭირდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
აბრამოვიჩმა „ჩელსი“ 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დაახლოებით 2.5 მილიარდ ფუნტ სტერლინგად გაყიდა. თანხა დღემდე გაყინულია ბრიტანულ საბანკო ანგარიშზე. ლონდონი აცხადებს, რომ ფული უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა თანხის განაწილების მექანიზმზე ბრიტანეთის ხელისუფლებასა და აბრამოვიჩის წარმომადგენლებს შორის შეთანხმება ამ დრომდე მიღწეული არ არის.