თბილისი (GBC) - ჩინეთმა რუსეთი გააფრთხილა, არ გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ დარტყმების საპასუხოდ, რომლებსაც უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს, განუცხადა ჟურნალისტებს ხუთშაბათს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამის შესახებ POLITICO წერს.

„ვფიქრობ, გსმენიათ მსგავსი გზავნილები რუსულ მედიაში: "რა იქნება, თუ უკრაინის დარტყმებს ბირთვული იარაღით ვუპასუხებთ?" და მე მეჩვენება, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთმა... პირდაპირ, ულტიმატუმის მსგავსი ფორმით უპასუხა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ფიქრიც კი შეუძლებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან პეკინის ამ ჩარევის შესახებ ევროპელი ლიდერებისგან შეიტყო ანკარაში გამართულ NATO-ს სამიტზე, სადაც მხარეებმა „უკრაინაში ომის დასრულებაში ჩინეთის როლზე“ იმსჯელეს. ზელენსკიმ დასძინა, რომ ეს თემა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაც განიხილა, თუმცა ამჯობინებს, ამ საუბრის შინაარსი კონფიდენციალურად დატოვოს.

მიმდინარე წლის მაისში რუსეთმა ბელარუსში ბირთვული სამხედრო წვრთნები ჩაატარა, თუმცა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კიევის მისამართით პირდაპირი ბირთვული მუქარა ჯერჯერობით არ გაუჟღერებია. რუსი პოლიტიკოსების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის დარტყმები არ იწვევს იმ მასშტაბის ზიანს, რაც მისი მთავრობის მხრიდან ბირთვულ რეაგირებას მოითხოვდა.

გასულ თვეს სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო ასამბლეის დეპუტატმა, ვიქტორ პეროვმა კოლეგებს მოუწოდა, მიემართათ პუტინისთვის უკრაინაზე ბირთვული დარტყმის თხოვნით.

„ჩვენი პრეზიდენტი იძულებული გახდა დაეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წარიმართა. ამიტომ მიმაჩნია, რომ თქვენ, დეპუტატებმა, უნდა მიმართოთ პრეზიდენტს ბირთვული იარაღის გამოყენების თხოვნით... რაც უკრაინის ხელმძღვანელობას სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ უბიძგებს“, - განაცხადა პეროვმა.