თბილისი (GBC) – უზბეკეთი საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენების მიმართულებით ახალ მსხვილ პროექტებს გეგმავს. 2027 წელს ფოთის პორტში წლიურად 500 ათასი ტონა ტვირთის გამტარი ლოგისტიკური ცენტრის ამოქმედებაა დაგეგმილი. პარალელურად, პრაქტიკული სამუშაოები დაიწყება ანაკლიის პორტის შექმნის მიმართულებით.

ამის შესახებ უზბეკეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა შერზოდ ასადოვმა პრეზიდენტ შავკატ მირზიოევის მეწარმეებთან ღია დიალოგის ფარგლებში განაცხადა.

უზბეკეთის გეგმები საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფოთის ლოგისტიკური ცენტრი ქვეყნის სატრანსპორტო დერეფანში დამატებით ტვირთნაკადს შექმნის და საქართველოს შავი ზღვის პორტების როლს ცენტრალურ აზიასა და ევროპას შორის სატრანზიტო კავშირებში გააძლიერებს.

უზბეკეთში ასევე დაგეგმილია ტაშკენტის საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა და საერთაშორისო ციფრული ტექნოლოგიების ცენტრის – Enterprise Uzbekistan-ის ამოქმედება. ქვეყნის ხელისუფლება ელოდება, რომ ორივე პროექტი უზბეკეთში $20-25 მილიარდის კაპიტალს, ახალ ცოდნასა და ტექნოლოგიებს მოიზიდავს.

ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ პროექტებს შორისაა ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა ჯიზაქის რეგიონში, ალმალიქში მეოთხე სპილენძის გამამდიდრებელი ქარხნისა და ახალი ავტომაგისტრალების – ტაშკენტი-სამარყანდისა და ტაშკენტი-ანდიჯანის – პროექტები.

ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში უზბეკეთმა სატვირთო ავტომობილების იმპორტზე საბაჟო მოსაკრებლები და უტილიზაციის გადასახადი გააუქმა. საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ვაგონების მიწოდების შემთხვევაში კი დღგ-ის განაკვეთი ნულოვანი იქნება.

ფოთის პროექტთან ერთად, უზბეკეთი მსხვილი სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრების შექმნას ასევე ალათში, ტერმეზში, იანგიულში, ახანგარანსა და ხანაბადში გეგმავს.

მიმდინარე წელს უზბეკეთში ჯამში $27 მილიარდის ღირებულების 105 ახალი სამრეწველო და ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყებაა დაგეგმილი.