თბილისი (GBC) - ნინო ჯელაძე: რამდენიმე სანქცირებული კომპანიის მიერ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეროვნული ბანკის მარეგულირებელი ჩარჩო და ბაზარზე დაშვების მოთხოვნები მკაცრია
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერის (vasp) სანქცირებაზე, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ზედამხედველის უფლებამოსილება და ფუნქციები მკაფიოდ განსაზღვრულია საქართველოს ორგანული კანონით. სები ზედამხედველობს საბანკო და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტებს, ასევე vasp-ებს. აღნიშნული საქმიანობა შესაძლებელია, თუ სუბიექტი რეგისტრირებულია ან ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ
მისი შეფასებით, ნებისმიერი პირი, რომელსაც არ გააჩნია შესაბამისი რეგისტრაცია, ლიცენზიის გარეშე ახორციელებს ასეთ საქმიანობა და ეწევა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ბუნებრივია, ვერ მოექცევა ეროვნული ბანკის რეგულირებისა და ზედამხედველობის ქვეშ.
,,ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის მიერ სანქცირებული სუბიექტი, ისევე როგორც მანამდე გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის მიერ სანქცირებული კომპანიები, საქართველოს ეროვნულ ბანკში არასოდეს ყოფილან დარეგისტრირებული. რეგულაცია მკაცრია. რეგისტრაციის პროცესი მოიცავს დეტალურ შემოწმებას: კომპანიის ბიზნეს მოდელის, ბენეფიციარი მესაკუთრეების, სახსრების წარმომავლობის, ტრანზაქციების მონიტორინგის სისტემების და სხვა მოთხოვნების. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ჩარჩო წარმოადგენს მნიშვნელოვან პრევენციულ მექანიზმს და ეფექტიან ფილტრს იმ სუბიექტების მიმართ, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ არალეგალურ საქმიანობასთან“, - აცხადებს ნინო ჯელაძე.
მისივე თქმით, რეგისტრაციით ვალდებულებები არ სრულდება. ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფ ყველა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერს მოეთხოვება სრულ შესაბამისობაში იყოს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ფინანსურ სანქციებთან. ამასთან, რეგულაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნაა რომ საფინანსო სექტორის წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ საქმიანი ურთიერთობა დაამყარონ ისეთ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერთან ან ფინანსურ ინსტიტუტთან რომელიც, არ არის ეროვნული ბანკის მიერ ან უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ ლიცენზირებული.
,,ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო რეგიონში, რომელმაც შექმნა ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და რეგისტრაციის სამართლებრივი ჩარჩო. ამ რეგულაციამ მნიშვნელოვნად გაზარდა სექტორის გამჭვირვალობა, სანდოობა და ანგარიშვალდებულება, ხოლო ბაზრის მონაწილეებისთვის შექმნა მკაფიო და პროგნოზირებადი სამართლებრივი გარემო. როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შექმნილი მარეგულირებელი ჩარჩო სრულად ეფუძნება FATF-ის სტანდარტებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. აღნიშნული მიდგომა საერთაშორისო დონეზეც არის აღიარებული. რაც აღნიშნა ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტმა – MONEYVAL-მა – 2024 წლის შეფასების ანგარიშში“, - აცხადებს ნინო ჯელაძე.
