თბილისი (GBC) – ყაზახურმა ფინტექ-ჯგუფმა Kaspi.kz-მა, რომლის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძეა, თურქეთში შეძენილ Rabobank A.Ş.-ს სახელი შეუცვალა და Hepsi Bank უწოდა. ამის შესახებ კომპანიის 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსურ ანგარიშშია ნათქვამი.
Kaspi.kz-მა ბანკის ბაზაზე უკვე გაუშვა საპილოტე სერვისი, რომელიც თურქული მარკეტფლეისის Hepsiburada-ს მომხმარებლებს შესყიდვების დასაფინანსებლად სესხებს სთავაზობს. კომპანია თურქეთში ფინტექ-პროდუქტების მასშტაბურ განვითარებას 2027 წელს გეგმავს.
Kaspi.kz-მა ნიდერლანდური ჯგუფის Rabobank-ის თურქული შვილობილი კომპანიის შეძენის შესახებ 2025 წლის მარტში განაცხადა. გარიგების დასრულება რამდენჯერმე გადაიდო თურქეთის საბანკო რეგულირების და ზედამხედველობის სააგენტოს (BDDK) ნებართვის მოლოდინში.
რეგულატორის თანხმობა კომპანიამ 2026 წლის 24 ივნისს მიიღო, ხოლო გარიგების დასრულების შესახებ 15 ივლისს განაცხადა.
გარიგების ღირებულება არ გამჟღავნებულა. Kaspi.kz-ში მანამდე აცხადებდნენ, რომ ბანკის შეძენა კომპანიისთვის არსებითი გარიგება არ იყო. კომპანიის თანადამფუძნებლისა და CEO-ს მიხეილ ლომთაძის განცხადებით, ბანკის შეძენის შემდეგ Kaspi.kz თურქეთში ელექტრონული კომერციისა და ფინტექის განვითარებაში დაახლოებით $300 მლნ-ის ინვესტირებას გეგმავს.
Rabobank A.Ş. Kaspi.kz-ის მეორე აქტივია თურქეთში. პირველი იყო Hepsiburada-ს საკონტროლო პაკეტი, რომელიც კომპანიამ 2025 წელს დაახლოებით $1.13 მლრდ-ად შეიძინა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ Kaspi.kz თურქულ მარკეტფლეისში წილის გაზრდას აგრძელებდა.
ამასთან, Kaspi.kz-ის დირექტორთა საბჭომ აქციონერებს დივიდენდების 18%-ით გაზრდა შესთავაზა – ერთ ADS-ზე 1 000 ტენგემდე, 2026 წლის პირველი კვარტალის 850 ტენგესთან შედარებით. გადაწყვეტილება აქციონერებმა უნდა დაამტკიცონ.
2026 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, Kaspi.kz-ის უმსხვილეს აქციონერებს შორის იყვნენ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ვიაჩესლავ კიმი 19.1%-იანი წილით, კომპანიის თანადამფუძნებელი და CEO მიხეილ ლომთაძე – 21.95%-ით, და საინვესტიციო ფონდი Baring Funds – 18.1%-ით.
Kaspi.kz-ის შემოსავალმა 2026 წლის პირველ ნახევარში 23%-ით მოიმატა და 2.2 ტრილიონ ტენგეს მიაღწია. წმინდა მოგება კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის უცვლელი დარჩა და 510.8 მლრდ ტენგე შეადგინა.
კომპანიის განცხადებით, ფინანსურ შედეგებზე გავლენა თურქეთში განხორციელებულმა ინვესტიციებმა და ყაზახეთში დაფინანსების მაღალმა ღირებულებამ მოახდინა.
Kaspi.kz-მა ასევე დაადასტურა 2026 წლის ფინანსური პროგნოზი. კომპანია კვლავ ელოდება შემოსავლის დაახლოებით 15%-იან, საშუალო საკრედიტო პორტფელის დაახლოებით 20%-იან და კორექტირებული EBITDA-ის დაახლოებით 5%-იან ზრდას.
