თბილისი (GBC) - იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი საემიგრაციო და უსაფრთხოების პოლიტიკაში რიტორიკას მკვეთრად ამკაცრებს, რაც მემარჯვენე ფლანგზე ახალი მეტოქის გამოჩენასა და მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება. POLITICO-ს სტატიის თანახმად, მელონი ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ შექმნილ ზომიერ იმიჯს გვერდზე წევს და საკუთარი ამომრჩევლის შენარჩუნებას ცდილობს.

მელონის მთავრობა ევროკავშირში პირველი აღმოჩნდა, რომელმაც ესპანეთის სოციალისტური მთავრობა მაროკოდან ექსკლავ სეუტაში მიგრანტების ნაკადის გამო გააკრიტიკა და მადრიდთან შენგენის შეთანხმების მოქმედება შეაჩერა. ამჟამად იტალიის აეროპორტებში ესპანეთიდან ჩამოსულ მგზავრებს ცალკე რიგში დგომა უწევთ, რასაც ესპანეთმაც საპასუხო შემოწმებებით უპასუხა. იტალიურმა მხარემ განაცხადა, რომ კონტროლის გაუქმებას 15 აგვისტომდე არ გეგმავს. მელონის თქმით, მისი მთავრობა უკანონო იმიგრაციის საკითხში უკან არცერთ მილიმეტრს არ დაიხევს და საზღვრების დაცვას კვლავ პრიორიტეტად განიხილავს.

რიტორიკის გამკაცრების მთავარი მიზეზი ყოფილი გენერლისა და ევროპარლამენტარის, რობერტო ვანაჩის ახალი ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული მომავალია“ (National Future). გამოკითხვების თანახმად, ვანაჩის პარტია 7%-ზე მეტს აგროვებს, გადაუსწრო მელონის კოალიციურ პარტნიორ „ლიგას“ (League) და მიუახლოვდა „ფორცა იტალიას“. YouTrend-ის ანალიტიკოსების შეფასებით, ვანაჩის 7-პროცენტიანი მხარდაჭერა გადამწყვეტია, რადგან მის გარეშე ცენტრისტულ-მემარჯვენე კოალიციამ შესაძლოა არჩევნები წააგოს.

თუ მელონის მთავრობამ ალბანეთში მიგრანტების მიღების ჰაბები გახსნა, ვანაჩი კიდევ უფრო რადიკალური გეგმით - „რემიგრაციით“ გამოდის, რაც მიგრანტების წარმოშობის ქვეყნებში დაბრუნებას გულისხმობს. ამასთან, პოლიტიკოსებს შორის მთავარი აცდენა საგარეო პოლიტიკასა და უკრაინის მხარდაჭერაზე გადის: ვანაჩი და „ლიგა“ კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევას ეწინააღმდეგებიან, როდესაც მელონის მთავრობა უკრაინის მხარდამჭერად პოზიციონირებს, თუმცა შიდაპოლიტიკური წნეხის გამო ოთხ წელიწადში უკრაინას მხოლოდ 3 მილიარდი ევრო გამოუყო. ექსპერტების შეფასებით, მელონის მხრიდან ტონის გამკაცრება სწორედ ამომრჩევლის შენარჩუნებისთვის გაკეთებული ტაქტიკური სვლაა.