თბილისი (GBC) – Georgia Capital-მა (GCAP) 1H26-ში პორტფელში შემავალი კომპანიებისგან ₾86.3 მლნ-ის დივიდენდები მიიღო, რაც 49.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია (y.y).

კერძოდ, ₾61.8 მლნ Lion Finance Group-ისგან (LFG; ყოფილი Bank of Georgia Group PLC/BOGG) მიიღო, საიდანაც ₾23.7 მლნ მოდიოდა LFG-ის აქციების გამოსყიდვის (buyback) პროგრამაში მონაწილეობაზე; ₾11.9 მლნ საცალო (სააფთიაქო) ბიზნესისგან, რომელიც გეფას ქოლგის ქვეშ ფარმადეპოს და ჯიპისის აფთიაქს აერთიანებს; ₾11.6 მლნ-ის დივიდენდი ქონებისა და ზიანის დაზღვევის (P&C insurance) ბიზნესისგან მიიღო, ხოლო ₾1 მლნ კი ავტოსერვისის ბიზნესისგან.

უშუალოდ 2Q26-ში კი GCAP-მა პორტფელში შემავალი კომპანიებისგან ₾46.7 მლნ-ის  დივიდენდური შემოსავალი მიიღო, აქედან ₾27.6 მლნ LFG-სგან მიიღო, საიდანაც ₾18.3 მლნ 1Q26-ში დარიცხულ შუალედურ დივიდენდს წარმოადგენდა (ex-dividend date — 2026 წლის ივნისი, გადახდა — 2026 წლის ივლისი), ხოლო 9.3 მლნ ლარი - 2Q26-ის buyback დივიდენდს;

სააფთიაქო და ავტოსერვისის ბიზნესისგან GCAP-ს პირველ კვარტალში დივიდენდი არ აუღია, ხოლო 2Q26-ში დაზღვევის ბიზნესისგან ₾6.3 მლნ მიიღო.

„მოსალოდნელია ძლიერი თავისუფალი ფულადი ნაკადების გენერირება, რაც მხარდაჭერილი იქნება ჩვენი მსხვილი კერძო პორტფელური კომპანიებიდან დივიდენდური შემოსავლების უწყვეტი ზრდით, რაც, თავის მხრივ, განპირობებული იქნება მათი მოგების მდგრადი ზრდით“, - აცხადებს GCAP-ის CEO ირაკლი გილაური და აღნიშნავს, რომ Lion Finance Group-ში ჯგუფის ინვესტიციიდან (14.9%-იანი წილობრივი მონაწილეობა) სავარაუდო დივიდენდური შემოსავლების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ჯგუფი 2029 წლის ბოლომდე მნიშვნელოვან ჭარბ ფულად სახსრებს დააგროვებს.