თბილისი (GBC) – 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს - 7.53 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 50%-ით მეტია, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეზერვების რეკორდული მოცულობა ეროვნული ბანკის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. კერძოდ, როდესაც სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს ზრდის, რათა ქვეყანას გარე შოკების მიმართ უფრო ძლიერი ბუფერი ჰქონდეს.
„საქართველოს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებისკენ, რადგან სწორედ საერთაშორისო რეზერვები წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვან გარანტორს. შესაბამისად, როდესაც სავალუტო ბაზარზე ხელსაყრელი მდგომარეობაა, ეროვნული ბანკი ყოველთვის ავსებს ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს", - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისივე შეფასებით, რეზერვების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ადეკვატურობის მაჩვენებლებიც. მიმდინარე შეფასებით კი საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7 პროცენტს შეადგენს.
ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, საერთაშორისო რეზერვების ზრდასთან ერთად ეროვნული ბანკი აქტიურად აგრძელებს სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაციასაც.
„2026 წლის ივნისში ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, დღეის მდგომარეობით, ოქროს წილი საერთაშორისო რეზერვებში 13.5 პროცენტს შეადგენს", - დასძინა ეკატერინე მიქაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის იანვარ-ივნისში, სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობების ფონზე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წმინდა შესყიდვების სახით საერთაშორისო რეზერვები ჯამურად 2,078.4 მილიონი აშშ დოლარით შეავსო. ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
