თბილისი (GBC) – საქართველოს საერთაშორისო რეზერვებმა 2026 წლის ივლისში ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $7.53 მლრდ შეადგინა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, რეზერვები წლიურად დაახლოებით 50%-ით გაიზარდა, ხოლო ივლისში ერთ თვეში $404.6 მლნ-ით მოიმატა.
ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე შეფასებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA Metric) 118.7 პროცენტს შეადგენს.
რეგულატორში აცხადებენ, რომ საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. სწორედ აქედან გამომდინარე საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის განმავლობაში, სავალუტო ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას ახორციელებს და 2026 იანვარ-ივნისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2,078.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ხოლო, 2026 წლის ივლისის წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 25 აგვისტოს გამოქვეყნდება.
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებმა რეზერვების დივერსიფიკაცია გააკეთა და ოქროში პირველი ინვესტიციები განახორციელა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. მას შემდგომ, ოქროს აქტივის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც დამატებით გაზარდა მთლიანი საერთაშორისო რეზერვი. 2026 წლის ივნისში სებმა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა. შედეგად, 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 13.5 პროცენტს (1,014.1 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მთლიანი საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 სექტემბერს გამოაქვეყნებს.
საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის ფინანსური მდგრადობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელია. ისინი გამოიყენება საგარეო შოკების, ვალუტის ბაზარზე ზეწოლისა და საგარეო ვალდებულებების მომსახურების რისკების შესამცირებლად.
