თბილისი (GBC) – რუსეთის პოლიტიკური და ბიზნესელიტის ნაწილი სულ უფრო მეტად შიშობს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) ქვეყნის შიდა პოლიტიკაში გავლენას აფართოებს და ხელისუფლების კონტროლის მთავარ ინსტრუმენტად იქცა. ამის შესახებ Bloomberg კრემლთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ФСБ-ის მხრიდან რეპრესიების გაძლიერების ერთ-ერთ ბოლო მაგალითად Telegram-ის დამფუძნებლის, მილიარდერ პაველ დუროვის წინააღმდეგ ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებების წარდგენა სახელდება.
Bloomberg-ის წყაროების შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც წლების განმავლობაში ცდილობდა ბალანსის შენარჩუნებას უსაფრთხოების სფეროს მკაცრ წარმომადგენლებსა და ეკონომიკურ ბლოკს შორის, ბოლო პერიოდში უფრო მეტად ეყრდნობა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს ვითარება ზრდის დაძაბულობას კრემლის შიგნით, რადგან ФСБ-ის გავლენა ფართოვდება, მაშინ როცა ზოგიერთი მაღალჩინოსნის, მათ შორის პრეზიდენტის შიდა პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელის სერგეი კირიენკოს პოლიტიკური წონა მცირდება.
„ФСБ გადაიქცა ქვეყნის მართვის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. პოლიტიკური ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო და საფინანსო-ეკონომიკური ბლოკი უფრო მეტად ტექნიკურ ფუნქციას ასრულებენ და ახორციელებენ გადაწყვეტილებებს, რომლებიც სპეციალური სამსახურების ინტერესების გათვალისწინებით მიიღება“, – განაცხადა მოსკოველმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა ანდრეი კოლესნიკოვმა.
Bloomberg აღნიშნავს, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმები ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, თავდაცვის საწარმოებსა და ლოგისტიკურ ობიექტებზე ზრდის ზეწოლას კრემლზე და ნაკლებად დამაჯერებელს ხდის ხელისუფლების განცხადებებს ომის ვითარებაზე სრული კონტროლის შესახებ.
კარნეგის ცენტრის „რუსეთ-ევრაზიის“ უფროსი მკვლევრის ტატიანა სტანოვაიას განცხადებით, რუსეთის ელიტაში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ ხელისუფლება ვერ უმკლავდება ომთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
„მთავარი პრობლემა არის განცდა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ რეალობასთან კავშირი დაკარგა. პუტინის ფოკუსირებამ უკრაინის დამორჩილებაზე ქვეყნის ეფექტური მართვა მნიშვნელოვნად გაართულა“, – განაცხადა სტანოვაიამ.
ამასთან, ანალიტიკოსი ელლა პანაიახი აღნიშნავს, რომ რეპრესიული გარემო რუსეთში მხოლოდ ელიტებს არ ეხება და ის საშუალო კლასშიც ვრცელდება.
პაველ დუროვის საქმე
პაველ დუროვის წინააღმდეგ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის უსაფრთხოების სტრუქტურებმა Telegram-ის ადმინისტრაცია ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს. დუროვი ბრალდებებს არ გამოხმაურებია, თუმცა მანამდე განაცხადა, რომ Telegram არ მონაწილეობს მასობრივ თვალთვალსა და ცენზურაში.
