თბილისი (GBC) - ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული გაურკვევლობისა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სამხედრო კრიზისის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზერას კვლავ ჩრდილოეთ კორეისკენ მიმართავს.
როგორც The New York Times წერს, ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, სადაც ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი შეაქო, ფხენიანთან მოლაპარაკებების განახლების მზაობაზე მიანიშნა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა თავდაცვის მდივანს პიტ ჰეგსეთს დაავალა, შეამციროს ამერიკული მხარის მონაწილეობა სამხრეთ კორეასთან დაგეგმილ ყოველწლიურ სამხედრო სწავლებებში.
პენტაგონის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ უწყება აქტიურად მუშაობს მთავარსარდლის მითითების შესასრულებლად, თუმცა დეტალები, თუ როგორ მასშტაბებს მიიღებს სწავლებების შემცირება, ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია.
ექსპერტებისა და ანალიტიკოსების შეფასებით, ტრამპის პოლიტიკა ორ ბირთვულ გამოწვევასთან მიმართებით მკვეთრად განსხვავდება: ირანთან აშშ ხისტი, სამხედრო პოზიციით გამოირჩევა, ხოლო ჩრდილოეთ კორეასთან პრეზიდენტი დიპლომატიურ დათმობებზე მიდის.
ტრამპის გადაწყვეტილება სამხედრო წვრთნების შემცირებაზე ნაწილობრივ სამხრეთ კორეის დასჯის მცდელობადაც აღიქმება. აშშ-ის პრეზიდენტმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სეულმა უარი თქვა ირანის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე და დააყოვნა დაპირებული $350-მილიარდიანი ინვესტიციების განხორციელება ამერიკის ეკონომიკაში. აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის დემოკრატმა წევრმა ჯეკ რედიმ ტრამპის ნაბიჯს „ქაოსური გადაწყვეტილება“ უწოდა, რომელიც საკვანძო მოკავშირეს აზარალებს.
პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის გამართული სამი შეხვედრის მიუხედავად, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შეჩერება ვერ მოხერხდა. მას შემდეგ ფხენიანმა არსენალი მნიშვნელოვნად გააფართოვა და, ზოგიერთი შეფასებით, დღეს 60-მდე ბირთვულ ქობინს ფლობს.
დიპლომატები და ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ახალი სამიტი შესაძლოა კვლავ უშედეგოდ დასრულდეს, რადგან დღევანდელი ჩრდილოეთ კორეა ნაკლებადაა დაინტერესებული ვაშინგტონთან ურთიერთობების დალაგებით და აქტიურად თანამშრომლობს რუსეთთან უკრაინის ომის კონტექსტში.
საკუთარი პოზიციის დასაცავად ტრამპმა განაცხადა, რომ კიმ ჩენ ინთან პირდაპირი დიალოგი რეგიონს „ბევრად უფრო უსაფრთხოს ხდის“. თუმცა, ექსპერტების შეფასებით, ირანში განვითარებული სამხედრო მოვლენები ფხენიანს კიდევ უფრო არწმუნებს იმაში, რომ საკუთარი უსაფრთხოების მთავარი გარანტი სწორედ ბირთვული იარაღის შენარჩუნებაა.
