თბილისი (GBC) – აუქციონის სახლმა Sotheby’s-მა დაახლოებით $450 მილიონად შეფასებული ხელოვნების ნიმუშების მსხვილი კოლექციის გაყიდვის უფლება მოიპოვა. ამის შესახებ Artnet წერს.
ნამუშევრებს აუქციონზე ნელი არიეტა დე ბლაკიესა და კარლოს პედრო ბლაკიეს შვილები გამოიტანენ. ისინი იმ კოლექციონერების მემკვიდრეები არიან, რომლებიც იმპრესიონიზმისა და პოსტიმპრესიონიზმის პერიოდის ნამუშევრებს აგროვებდნენ.
1995 წელს The New York Times-მა ნელი არიეტა დე ბლაკიე არგენტინაში „ხელოვნების ნიმუშების უდიდესი კერძო კოლექციის“ მფლობელად დაასახელა. Artnet-ის ინფორმაციით, ის არგენტინის უმსხვილესი შაქრის მწარმოებელი კომპანია Ledesma-ს მემკვიდრე იყო. ქალი 2020 წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი – 2023 წელს.
Artnet-ის ცნობით, კოლექციაში შესაძლოა შევიდეს ვინსენტ ვან გოგის 1890 წელს შესრულებული ნამუშევარი Châtaignier en fleurs roses et blanches („აყვავებული წაბლის ხე ვარდისფერი და თეთრი ყვავილებით“). გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთმა წამყვანმა ხელოვნების კონსულტანტმა განაცხადა, რომ ხელსაყრელ შემთხვევაში ნახატი შესაძლოა $150-200 მილიონად გაიყიდოს.
ნელი არიეტა დე ბლაკიესა და მისი მეუღლის კოლექციაში ასევე იყო პოლ სეზანის „არლეკინი“, რომელიც მხატვრის მიერ 1888-1890 წლებში შექმნილი ნამუშევრების სერიას მიეკუთვნება. გამოცემის შეფასებით, მისმა ფასმა შესაძლოა $120 მილიონს გადააჭარბოს.
აუქციონზე შესაძლოა ასევე მოხვდეს Avant la Course („სტარტამდე“) – ედგარ დეგას მიერ 1893 წელს შესრულებული ნამუშევარი, რომელიც დოღს ეძღვნება. კოლექციაში ასევე შედის კამილ პისაროსა და პიერ-ოგიუსტ რენუარის ნამუშევრები.
მანამდე ბლაკიეების ოჯახის მემკვიდრეობასთან მუშაობდა აუქციონის სახლი Christie’s-იც. მაგალითად, დეკემბერში Christie’s ოჯახის $15-20 მილიონად შეფასებულ ვერცხლის ჭურჭლის კოლექციას გაიტანს აუქციონზე.
კოლექციის ნაწილის გარშემო სკანდალიც იყო. 2023 წელს არგენტინის საბაჟომ ბლაკიეების ოჯახი დააჯარიმა დაახლოებით ათეული ხელოვნების ნიმუშის, მათ შორის ვან გოგის, დეგას, რენუარის, მონეს, გოგენისა და სეზანის ნამუშევრების, ლუქსემბურგში გატანის წესების დარღვევისთვის. ნამუშევრების საერთო ღირებულება $350 მილიონზე მეტი იყო.
ივლისში ხელისუფლებამ ჯარიმა გააუქმა, რამაც კოლექციის გაყიდვის შესაძლებლობა გახსნა.
