თბილისი (GBC) – OpenAI-მ ამჟამინდელი და ყოფილი თანამშრომლებისგან დაახლოებით $7 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა დაასრულა. გარიგების ფარგლებში კომპანია $852 მილიარდად შეფასდა – იმავე დონეზე, რაც 2026 წლის მარტში დაფიქსირდა კომპანიის ბოლო მსხვილი დაფინანსების რაუნდის შემდეგ. ამის შესახებ Bloomberg-ის წყაროებზე დაყრდნობით Digital Business წერს.

OpenAI-მ აქციები პირველად გამოისყიდა დამოუკიდებლად

OpenAI-მ გარიგების მომზადება მარტში ჩატარებული დაფინანსების რაუნდის შემდეგ დაიწყო. ამჯერად კომპანიამ თანამშრომლებისგან აქციები დამოუკიდებლად გამოისყიდა და გარე ინვესტორები არ მოუზიდავს.

მსგავს გარიგებებში ადრე OpenAI-ის ინვესტორები, მათ შორის Thrive Capital და SoftBank, მონაწილეობდნენ.

აქციების გამოსყიდვის თემაზე OpenAI-ს კომენტარი არ გაუკეთებია.

OpenAI $852 მილიარდად შეფასდა

ახალი შეთავაზების ფარგლებში აქციების ფასი OpenAI-ის $852 მილიარდიან შეფასებას ეფუძნებოდა.

კომპანიამ სწორედ ამ ღირებულებას მიაღწია 2026 წლის მარტში ჩატარებული რეკორდული დაფინანსების რაუნდის შემდეგ. მაშინ OpenAI-მ მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიებისა და საინვესტიციო ფონდებისგან $122 მილიარდი მოიზიდა. მათ შორის იყვნენ Amazon, Nvidia, SoftBank, Microsoft და Andreessen Horowitz.

შედარებისთვის, 2025 წლის ოქტომბერში, თანამშრომლებისთვის აქციების წინა გამოსყიდვის დროს, OpenAI-ის შეფასება $500 მილიარდი იყო.

მანამდე კომპანიამ მსგავსი გარიგებები 2024 წელსაც განახორციელა – მაშინ თანამშრომლებმა დაახლოებით $1,5 მილიარდის ღირებულების აქციები გაყიდეს.

OpenAI IPO-სთვის ემზადება

ახალი გამოსყიდვა OpenAI-ის საფონდო ბირჟაზე შესაძლო გასვლისთვის მომზადების ფონზე განხორციელდა.

ივნისში კომპანიამ აშშ-ში IPO-ზე განაცხადი კონფიდენციალურად შეიტანა. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციების პირველადი საჯარო შეთავაზება შესაძლოა უკვე 2026 წელს განხორციელდეს.

ამასთან, The New York Times-ის ინფორმაციით, OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორი სემ ალტმანი კომპანიის დაახლოებით $1 ტრილიონიან შეფასებას ელოდება. თუ ასეთი ღირებულების მიღწევა ვერ მოხერხდება, IPO შესაძლოა 2027 წლამდე გადაიდოს.