თბილისი (GBC) - ავსტრალიურმა გემთმშენებელმა კომპანიამ Austal-მა სამხრეთკორეული კონგლომერატისგან, Hanwha Group-ისგან ოფიციალური წინადადება მიიღო, რომელიც აშშ-ში მდებარე ოპერაციების 1.05-იდან 1.20 მილიარდ დოლარამდე შესყიდვას ითვალისწინებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, აღნიშნული გარიგებით სამხრეთკორეულ მხარეს ამერიკის თავდაცვის ბაზარზე პოზიციების გაძლიერება სურს.
სიახლის ფონზე, ავსტრალიის საფონდო ბირჟაზე Austal-ის აქციები 16%-ზე მეტით გაიზარდა, რაც მიმდინარე წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე მაღალი დღიური ზრდაა.
Austal ავსტრალიის უდიდესი გემთმშენებელია, რომელიც ხომალდებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვისთვის აპროექტებს. კომპანიის ამერიკულმა ბიზნესმა 2025 ფინანსურ წელს ჯგუფის მოგების (108.5 მლნ ავსტრალიური დოლარი) 90% უზრუნველყო.
Hanwha Defense USA-ის შეთავაზება მხოლოდ აშშ-ის ოპერაციებს ეხება და არ მოიცავს Austal-ის ძირითად აქტივებს ავსტრალიაში, ფილიპინებსა და ვიეტნამში, ან მის აქციებს სიდნეის ბირჟაზე. Austal დათანხმდა, სამხრეთკორეულ მხარეს 4-კვირიანი ვადა მისცეს დეტალური ფინანსური და სამართლებრივი აუდიტის (due diligence) ჩასატარებლად.
ამასთან, Austal-ის განცხადებით, გემთმშენებლობის პროგრამებში გაზრდილი დანახარჯების გამო, მისმა ამერიკულმა ბიზნესმა 2026 წელს შესაძლოა 175 მლნ ავსტრალიური დოლარის საოპერაციო ზარალი დააფიქსიროს, რაც მთლიანად ჯგუფს 113 მილიონი ავსტრალიური დოლარის ზარალზე გაიყვანს.
Hanwha Group აქტიურად ცდილობს ამერიკულ გემთმშენებლობაში საკუთარი წარმომადგენლობის გაფართოებას, რასაც 2024 წელს ფილადელფიაში Philly Shipyard-ის შესყიდვაც უძღოდა წინ. გასული წლის დეკემბერში ავსტრალიის მთავრობამ კორეულ მხარეს Austal-ში წილის 19.9%-მდე გაზრდის უფლებაც მისცა.
