თბილისი (GBC) – Spotify სექტემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყებს იმ არტისტების პროფილების სპეციალური AI Persona ნიშნით მონიშვნას, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით არის შექმნილი. კომპანიის ცნობით, ასეთი არტისტების მუსიკა პლატფორმის სარედაქციო და ალგორითმულ რეკომენდაციებში აღარ მოხვდება.
AI Persona ნიშანი მიუთითებს, რომ არტისტის პერსონა შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იყოს შექმნილი და ის რეალურ ადამიანს არ წარმოადგენს. შესაბამისი აღნიშვნა გამოჩნდება არტისტის პროფილზე, ძიების შედეგებში და ფლეილისტებში კომპოზიციების გვერდით.
ამასთან, ასეთი არტისტების მუსიკა მომხმარებლების პერსონალურ რეკომენდაციებში არ გამოჩნდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსმენელს თავად აქვს კონკრეტულ AI Persona გამოწერილი.
Spotify-ში აცხადებენ, რომ ყველა არტისტს აქვს შემოქმედებითი არჩევანის უფლება, თუ როგორ აპოზიციონირებს საკუთარ თავს, თუმცა პლატფორმის ალგორითმები მიზნად ისახავს იმ რეალური არტისტების მუსიკის პოპულარიზაციას, რომლებიც მუსიკალურ ინდუსტრიაში კარიერას ქმნიან.
არტისტებს უკვე შეუძლიათ Spotify for Artists-ის მეშვეობით თავად მიუთითონ, რომ მათი პროფილი AI Persona-ს წარმოადგენს. თუმცა Spotify მხოლოდ ნებაყოფლობით გამჟღავნებაზე დაყრდნობას არ აპირებს. პლატფორმა თავადაც შეამოწმებს პროფილებს და გამოავლენს შემთხვევებს, როდესაც სახელი და ფოტოები შესაძლოა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ ფოტორეალისტურ პერსონას წარმოადგენდეს.
AI Persona-ს ნიშანზე დაჭერისას მომხმარებელი შეძლებს გაიგოს, ინფორმაცია თავად არტისტმა გაამჟღავნა თუ Spotify-მ შემოწმების შედეგად დაადო შესაბამისი აღნიშვნა. არტისტებს, რომელთა პროფილსაც ნიშანი თავად Spotify-მ მიანიჭა, გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობა ექნებათ.
უახლოეს თვეებში Spotify მომხმარებლებს ასევე მისცემს შესაძლებლობას, თავად აცნობონ პლატფორმას იმ პროფილების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ პერსონებს წარმოადგენენ.
Spotify-ში ხაზგასმით განმარტავენ, რომ ახალი მარკირება ეხება უშუალოდ არტისტის საჯარო პერსონას და არა მისი მუსიკის შექმნის მეთოდს. თავად კომპოზიციების შექმნისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გასამჟღავნებლად პლატფორმა სხვა ინსტრუმენტებს – AI Credits-სა და SongDNA-ს იყენებს.
