თბილისი (GBC) - განათლება გამარჯვებაა და  საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOI 2026) ამის კიდევ ერთი დასტურია. თიბისი - ტექ ოლიმპიადების მთავარი მხარდამჭერი, აგრძელებს ახალგაზრდა ტექტალანტების მხარდაჭერას და მათთვის საერთაშორისო წარმატების მისაღწევად შესაძლებლობების შექმნას.

ტაშკენტში, მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა ტალანტებს შორის, ქართველმა მოსწავლეებმა საქართველოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო წარმატება მოუტანეს. ვერცხლის მედალი მოიპოვა ანდრია ვასაძემ, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ვლადიმერ ფრანგიშვილმა, საპატიო სიგელები კი ნიკოლოზ მელიქიშვილს და მათე რეხვიაშვილს გადაეცათ. ნაკრების ოთხივე წევრი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურის“ მოსწავლეა.

IOI მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტექნოლოგიური და სამეცნიერო ოლიმპიადაა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის უფროსკლასელები ალგორითმულ აზროვნებასა და პროგრამირებაში საკუთარ ცოდნასა და უნარებს ურთულესი ამოცანების გადაჭრით ამოწმებენ.

ნაკრებმა, თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პარტნიორობით, „ტექ ოლიმპიადების ჰაბის“ ფარგლებში, სპეციალური ინტენსიური პროგრამა გაიარა. მოსამზადებელი ეტაპები თბილისში, ბაკურიანსა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა. მოსწავლეები ოლიმპიადის ფორმატზე მორგებულ ალგორითმულ ამოცანებსა და პრაქტიკულ ქეისებზე მუშაობდნენ. მათ მენტორობას პროფესორი გიორგი მანდარია, ბაქარ გამეზარდაშვილი და თარაშ დოლაბერიძე უწევდნენ.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI ერთ-ერთი ოლიმპიადაა, იმ ხუთ ოლიმპიადას შორის, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ პრიორიტეტულადაა აღიარებული. აღნიშნულ ოლიმპიადაზე საქართველო გუნდებს წარადგენს 1996 წლიდან. ნაკრები გუნდი ინფორმატიკის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების შედეგებისა და დამატებითი შესარჩევი ტურების საფუძველზე შეირჩევა. საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებისთვის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრების შერჩევა, მომზადება და მონაწილეობა საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

განათლებისა და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება თიბისისთვის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. ბრენდი აგრძელებს ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულებით განვითარების შესაძლებლობას აძლევს, აძლიერებს მათ პრაქტიკულ უნარებს და საერთაშორისო წარმატებისთვის ამზადებს.

(R)