თბილისი (GBC) - საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წელს $1.9 მლრდ შეადგინა, რაც 2024 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 19.3%-ით მეტია, ხოლო 2025 წლის წინასწარ მონაცემებს 12.5%-ით აღემატება.

საქსტატმა ასევე დააზუსტა საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 2021 წლიდან. შესაბამისად, ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია დაზუსტებული მაჩვენებლები და შესაბამისი ცვლილებების გამომწვევი ძირითადი მიზეზები: 

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2025 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 44.4% შეადგინა. 

პირველ ადგილზე იმყოფება გაერთიანებული სამეფო 22.4%-ით ($426.6 მლნ), მეორეზეა აზერბაიჯანი 11.3%-ით ($214.4 მლნ), ხოლო მესამეზე - თურქეთი 10.6%-ით ($202.4 მლნ).

2025 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 56.8% შეადგინა.

ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $633.2 მლნ შეადგინა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 33.3%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება უძრავი ქონების სექტორი $254.7 მლნ-ით (13.4%), ხოლო მესამეზე - ვაჭრობის სექტორი $191.1 მლნ-ით (10.1%).