თბილისი (GBC) - „საქართველოს რკინიგზაში“ სამგზავრო მიმართულებით მასშტაბური რეფორმები მიმდინარეობს. ფილიალ „მგზავრთა გადაყვანის“ დირექტორის, დაჩი ცაგურიას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მგზავრთა უფლებების დაცვის ახალი წესების ამოქმედება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

ცაგურიას აღნიშვნით, აგვისტოდან თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა, მკვეთრად გაუმჯობესდა სერვისი და აქტიურ ფაზაშია სამგზავრო სადგურების რეაბილიტაციის პროცესიც.

„მგზავრთა უფლებების დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რის გამოც ამ დოკუმენტის მიღება ძალიან სწორი და დროული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ეს კიდევ უფრო მეტად დაგვეხმარება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში“, - განმარტავს დაჩი ცაგურია.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზამ“ 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები დაიწყო, პარალელურად კი 5 სამგზავრო მატარებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში სამგზავრო რეისები სწორედ განახლებული შემადგენლობებით შესრულდება.