თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სამშაბათს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით მმართველი გუნდი სტრატეგიული მოთმინებისა და მოლოდინის რეჟიმში იმყოფება. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბრიუსელთან ოფიციალური დიალოგი მას შემდეგ განახლდება, რაც ევროპარლამენტსა და ევროპულ ბიუროკრატიაში „საბჭოური მიდგომები“ შეიცვლება.
პრემიერ-მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა მმართველი პარტიის მიერ მიღებული ის საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ევროპული სტრუქტურების კრიტიკის საგანი გახდა. კობახიძის განმარტებით, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებები აბსოლუტურად გამართულია, რადგან მისი მიზანი მცირერიცხოვანი ჯგუფების მიერ დედაქალაქის ცენტრალური გამზირისა და ტროტუარების ბლოკირების აღკვეთა და მოქალაქეებისთვის დისკომფორტის აცილება იყო.
„გრანტების შესახებ“ კანონზე საუბრისას მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამ რეგულაციის მიღებამ ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაცია უზრუნველყო. კობახიძის მტკიცებით, მანამდე უცხოური დაფინანსება ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ თავდასხმებისთვის, ასევე რევოლუციური სცენარების მოსამზადებლად გამოიყენებოდა.
„როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს კანონი უნდა გააუქმო, ეს ნიშნავს იმას, რომ უნდათ მოაწყონ კიდევ რევოლუციის მორიგი მცდელობა და, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ შესაბამის პასუხს“, - განაცხადა პრემიერმა.
აქციების დროს მომხდარ ძალადობრივ ფაქტებზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველებს იმ შემთხვევებზე, სადაც აშკარა დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდა, რეაგირება უკვე ჰქონდათ. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ყოველდღიურად 500-ზე მეტი პირი ძალადობდა, თუმცა სამართალდამცველებმა მხოლოდ 30 მათგანი დააკავეს.
პრემიერ-მინისტრმა ევროპარლამენტი ადამიანის უფლებების საკითხში ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ 2004-2012 წლებში აღნიშნული სტრუქტურა ყოფილი ხელისუფლების რეჟიმის დარღვევებს „აპრავებდა“.
კობახიძის თქმით, ევროპელი პარტნიორების მხრიდან მიდგომების გადახედვის შემთხვევაში, ორმხრივი ურთიერთობები მალევე დაუბრუნდება სწორ ჩარჩოებს.