თბილისი (GBC) – გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დენ ნეგრიმ გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ აშშ უკრაინის თავისუფლებისა და სუვერენიტეტის დაცვას მხარს უჭერს და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებების პროცესს უნდა დაუბრუნდეს.
მისი თქმით, მიმდინარე ომში „დრო მოსკოვის სასარგებლოდ არ მუშაობს“ და კონფლიქტის დასრულება მხოლოდ დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი.
ამერიკელმა დიპლომატმა დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე განხორციელებული თავდასხმები.
ნეგრიმ ასევე აღნიშნა, რომ, აშშ-ის შეფასებით, რუსეთი ყოველთვიურად დაახლოებით 40 ათას სამხედრო მოსამსახურეს კარგავს დაღუპულებისა და დაჭრილების სახით, ხოლო ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია. მისი თქმით, უკრაინა ამავდროულად ბრძოლის ველზე აქტიურად ნერგავს ახალ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს.
„დიპლომატია და მოლაპარაკებები, და არა შემდგომი სისხლის ღვრა, არის ერთადერთი გამოსავალი. სხვა ვერაფერი შეაჩერებს ამ უაზრო მკვლელობებს“, – განაცხადა მან.
გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა 22 ივნისს უკრაინის მოთხოვნით გაიმართა. სხდომის მოწვევის მიზეზი 15 ივნისის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო და დრონებით შეტევა გახდა.