თბილისი (GBC) - ბრიტანეთმა სამშაბათს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა, რომელთა სამიზნეც გახდა Yandex Bank, რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან დაკავშირებული ქსელი და ათობით გემი, რომლებსაც მოსკოვის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შემადგენლობაში მესამე ქვეყნებისთვის რუსული ნავთობისა და გაზის მიწოდებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს

სანქციების პაკეტი, რომელიც 70 ახალ სუბიექტს მოიცავს, ასევე შეეხო სადაზღვევო კომპანია Rosgosstrakh-ს, Evofinance Mosnarbank-სა და Wildberries Bank-ს. ეს ზომები ნაწილია ბრიტანეთის მცდელობისა, გააძლიეროს ზეწოლა იმ ფინანსურ და ლოგისტიკურ ქსელებზე, რომლებიც, მისი განცხადებით, კრემლს უკრაინის ომში ეხმარება.

„ეს სანქციები მიმართულია იმ გემების, ფულისა და აქტორების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის სამხედრო ეკონომიკას და, თავის მხრივ, საფრთხეს უქმნიან ევროპულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, რომელიც საფრანგეთში დიდი შვიდეულის (G7) სამიტს ესწრება.

შეზღუდვები ვრცელდება 20-ზე მეტ ნავთობტანკერსა და თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) რამდენიმე გემზე. მთავრობის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც G7-ის ქვეყანამ სანქციები დააწესა რუსეთის Arctic LNG 2 პროექტთან დაკავშირებული გემების წინააღმდეგ.

მთავრობის მონაცემებით, ბრიტანეთს დღემდე სანქცირებული აქვს „ჩრდილოვანი ფლოტის“ თითქმის 600 გემი, ხოლო მარტში სტარმერმა სამხედროებს მისცა უფლება, ავიდნენ და დააკავონ ის გემები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დასავლური შეზღუდვების გვერდის ავლით რუსული ნავთობის ექსპორტის ხელშეწყობაში. ბრიტანეთის მიერ განხორციელებული პირველი ოპერაციის ფარგლებში, ბრიტანელმა კომანდოსებმა კვირას ლა-მანშის სრუტეში სანქცირებული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავეს.

ახალი სანქციები ასევე მიმართულია იმ ქსელის წინააღმდეგ, რომელსაც ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო დაზვერვის შესყიდვების ქსელად ახასიათებს. აღნიშნული ქსელის ცენტრია კომპანია Neptune Co Ltd, რომელსაც ლონდონი რუსეთის თავდაცვის სექტორისთვის დასავლური ტექნოლოგიების ფარულად შეძენაში ადანაშაულებს.