თბილისი (GBC) – ოკუპირებულ აფხაზეთში ეროვნული იდენტობისა და აფხაზური ენის მომავლის შესახებ დისკუსია კვლავ გააქტიურდა. ადგილობრივი ექსპერტებისა და საზოგადო მოღვაწეების შეფასებით, 2007 წელს მიღებული ენის შესახებ ე.წ. კანონის მნიშვნელოვანი ნაწილი პრაქტიკაში დღემდე არ სრულდება. ამის შესახებ მოსკოვური გამოცემა „ნეზავისიმაია გაზეტა“ წერს.
რუსული გამოცემის სტატიაში ნათქვამია, რომ ე.წ. კანონის თანახმად, დე ფაქტო ხელისუფლების ორგანოები ეტაპობრივად აფხაზურ ენაზე უნდა გადასულიყვნენ, თუმცა რეალურად ე.წ. სახელმწიფო უწყებებსა და ე.წ. პარლამენტში ძირითად სამუშაო ენად კვლავ რუსული რჩება. რუსულ ენაზე მიმდინარეობს დოკუმენტბრუნვის ძირითადი ნაწილიც.
2027 წლის 1 იანვრიდან ძალაში უნდა შევიდეს ცვლილებები ე.წ. საარჩევნო კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც „პარლამენტის“ დეპუტატობის ყველა კანდიდატს აფხაზური და რუსული ენების ცოდნა მოეთხოვება. ცვლილებები ჯერ კიდევ 2022 წელს მიიღეს, თუმცა ადგილობრივი პოლიტიკოსებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების თქმით, ბოლო წლების განმავლობაში აფხაზური ენის ცოდნის დონე მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ეროვნული ენის დაცვის საკითხი სახელმწიფოს მუდმივი პოლიტიკის ნაწილი უნდა იყოს და არა მხოლოდ საარჩევნო კამპანიების დროს გააქტუალურებული თემა.
ოკუპირებული აფხაზეთის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ განაცხადა, რომ ბოლო წლებში ენის საკითხი პოლიტიზებული გახდა. მისი თქმით, საჭიროა ენის ცოდნის დონეების განსაზღვრა და მკაფიო კრიტერიუმების შემუშავება, თუმცა ამ პროცესში ზედმეტი სიმკაცრისგან თავის შეკავებაც აუცილებელია.
აფხაზურ საზოგადოებაში ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომ აფხაზური ენა კრიზისულ მდგომარეობაშია. ადგილობრივი ინტელიგენციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თუ არსებული ტენდენცია გაგრძელდება, მომავალ ათწლეულებში აფხაზური ენის მატარებელთა რაოდენობა შესაძლოა მკვეთრად შემცირდეს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ენის საკითხი აფხაზეთში განსაკუთრებული პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობის მატარებელია. ავტორი იხსენებს 1978 წლის მოვლენებს, როდესაც აფხაზური საზოგადოების ნაწილი საბჭოთა საქართველოს ხელმძღვანელობის ენობრივ პოლიტიკას აპროტესტებდა.
ამავე დროს, სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს ხელისუფლება რეგულარულად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის ნორმაზე, რომლის თანახმადაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში აფხაზური ენა, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენის სტატუსით სარგებლობს. საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ენა ქართულია, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახელმწიფო ენად ასევე აღიარებულია აფხაზური ენა.
ავტორის შეფასებით, აფხაზურ საზოგადოებაში დღემდე მიმდინარეობს დისკუსია იმაზე, თუ რამდენად უნდა იყოს ენა ეროვნული იდენტობის მთავარი საფუძველი. ერთი მხრივ, არსებობს შიში, რომ ენის პოზიციების შემდგომი შესუსტება აფხაზური კულტურისა და თვითმყოფადობის დაკარგვის რისკს გაზრდის, ხოლო მეორე მხრივ, ენობრივი მოთხოვნების გამკაცრებამ შესაძლოა კვალიფიციური სპეციალისტების სახელმწიფო მართვის სისტემიდან გამოთიშვა და ახალგაზრდების მიგრაციის ზრდა გამოიწვიოს.