ახალი პარტნიორობა Visa-ს გლობალური გადახდების ქსელს ერთ-ერთ უმსხვილეს „დიდი ენობრივი მოდელის“ (LLM) პლატფორმასთან აკავშირებს და მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს შეუფერხებელ და უსაფრთხო ტრანზაქციებსა და ხელოვნური ინტელექტის უფრო ფართოდ გამოყენებას კომერციულ ეკოსისტემებში.
Visa (NYSE: V) ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებულ კომერციაში უსაფრთხო ტრანზაქციების უზრუნველსაყოფად OpenAI-ისთან სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს, რის შედეგადაც OpenAI-ის პლატფორმებზე შეუფერხებელი და სანდო გადახდების შესრულება გახდება შესაძლებელი. კომპანიებმა ამის შესახებ სან-ფრანცისკოში გამართულ „Visa-ს გადახდების ფორუმზე“ განაცხადეს. პარტნიორობის ფარგლებში Visa ხელმისაწვდომს გახდის თავის გლობალურ ქსელს, ავტორიზაცია-ვერიფიკაციის სისტემებსა და უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას, რათა ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული კომერცია გახდეს კომფორტული და მომხმარებლებსა და ბიზნესებს შეუფერხებლად ურთიერთობისა და ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობა მიეცეთ.
თანამშრომლობა უფრო მასშტაბური ინიციატივის, Visa Intelligent Commerce-ის ნაწილია, რომელიც ახალ ციფრულ გარემოში უსაფრთხო გადახდების შესაძლებლობათა გაფართოებას ისახავს მიზნად. ამასთან, Visa და OpenAI ერთობლივად შეისწავლიან ბიზნესში ინოვაციური ტექნოლოგიის პრაქტიკულად გამოყენების სხვადასხვა გზას, მათ შორის Codex-ის მხარდაჭერით შექმნილ დეველოპერულ ინსტრუმენტებს და, ასევე, მეტად ავტომატიზებულ და საუბარზე დაფუძნებულ სამუშაო პროცესს, მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტი ციფრული ინტერაქციების სულ უფრო მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.
პარტნიორობის ფარგლებში Visa-ს გადახდების ეკოსისტემა ინტეგრირდება OpenAI-ის პლატფორმებთან, რაც დეველოპერებსა და მერჩანტებს მისცემს შესაძლებლობას, უფრო მარტივად მიიღონ ხელოვნური ინტელექტის მიერ ინიციირებული Visa-ს გადახდები. Visa OpenAI-ისთან ერთად უზრუნველყოფს საბაზისო ქსელს და ტოკენიზაციისა და რისკების მართვის შესაძლებლობებს, რაც სანდო და უსაფრთხო ტრანზაქციების წინაპირობაა.
ტრანზაქციების განხორციელებისას მკაფიოდ იქნება განსაზღვრული მომხმარებელთა მიერ გაცემული უფლებამოსილების საზღვრები, პოლიტიკა და უსაფრთხოების ზომები, როგორიცაა ხარჯვის ლიმიტი, სავაჭრო კატეგორიები ან სავალდებულო დამოწმებები. ტრანზაქციებისას გამოიყენება ტოკენიზებული Visa-ს მონაცემები, ასევე რეალურ დროში ავტორიზაცია და თაღლითობის მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს ახალი, ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული გადახდების უსაფრთხოებასა და მომხმარებელთა დაცვას.
„ხელოვნური ინტელექტი იმაზე სიღრმისეულად გარდაქმნის კომერციას, ვიდრე ეს ინტერნეტმა ან მობილურმა ტექნოლოგიამ შეძლო“, – აღნიშნა Visa-ს პროდუქტისა და სტრატეგიის განყოფილების მმართველმა, ჯეკ ფორესტელმა, – „მაშინ, როცა AI-აგენტები ეკონომიკის აქტიური მონაწილეები ხდებიან, Visa-ს მიზანი სანდო, უსაფრთხო და შეუფერხებელი ტრანზაქციების უზრუნველყოფა არის. OpenAI-ის მსგავს პარტნიორებთან ჩვენ სწორედ ამგვარ ინფრასტრუქტურას ვაშენებთ“.
„კომერცია აღმოჩნდება იმაზე გაცილებით მეტ ადგილას და მეტი გზით, ვიდრე ეს დღეს ხდება და ხელოვნური ინტელექტი უფრო მეტად დაეხმარება ადამიანებს იმ ამოცანების შესრულებაში, რაც ფულს უკავშირდება – დაწყებული შესყიდვებითა და გადახდებით, დამთავრებული მეტად რთული ტრანზაქციებით“, – განაცხადა OpenAI-ის კომერციული პარტნიორობების ხელმძღვანელმა, მარკო მარჰუსმა, – „Visa Intelligent Commerce-თან ინტეგრირებით ჩვენ ვქმნით ინფრასტრუქტურას, რომლის მეშვეობითაც უსაფრთხო, გამჭვირვალე და მომხმარებლის მიერ გაკონტროლებული ხელოვნურ ინტელექტთან ინტეგრირებული ტრანზაქციები განხორციელდება. ეს ადამიანებს მისცემს საშუალებას, მეტად გამოიყენონ AI-აგენტები და, ამასთან, სრულად იყვნენ დარწმუნებულები, რომ გადახდები უსაფრთხოდ და დაცულად შესრულდება“.