თბილისი (GBC) – საქართველოს მთავრობა პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასების სახელმწიფო რეგულირებას გეგმავს. შესაბამისი კანონპროექტი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტს უკვე წარედგინა.

ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა მიმდინარე სასესიო პერიოდში იგეგმებოდა, თუმცა 15 ივნისის ბიუროს სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა პროექტის განხილვის სექტემბრისთვის გადადების შუამდგომლობა დააყენა, რასაც ბიურომ მხარი დაუჭირა.

ბაჩიაშვილის განმარტებით, ვინაიდან კანონის ამოქმედება ისედაც სექტემბრისთვისაა გამიზნული, მიზანშეწონილია მისი განხილვა საშემოდგომო სესიაზე გადაიტანონ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში რეგულირების საჭიროება ბაზარზე არსებული ფასების არასტაბილურობითა და მაღალი ფასნამატითაა დასაბუთებული. დოკუმენტს თან ახლავს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მონიტორინგის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, რიგ შემთხვევებში, პროდუქციაზე ფასნამატი 100%-ს მნიშვნელოვნად აღემატებოდა.

კანონპროექტის მიხედვით, რეგულირება შეეხება შესაბამისი პროდუქტების იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და რეალიზატორებს, ხოლო აღსრულებას სურსათის ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს. ფასების კონტროლის ერთ-ერთი შესაძლო მოდელით, იმპორტიორებს დაევალებათ პროდუქცია მხოლოდ უშუალოდ მწარმოებლისგან ან მისი ოფიციალური წარმომადგენლისგან შეიძინონ, რათა გამოირიცხოს პარალელური იმპორტისას ფასის ხელოვნური ზრდა. ამასთანავე, კომპანიები ვალდებულნი იქნებიან, სახელმწიფო უწყებებს წარუდგინონ სრული ინფორმაცია ყოველი პარტიის საინვოისო ფასის, მოცულობისა და ღირებულების შესახებ.

მთავრობა გეგმავს ყოველი წლის დასაწყისში დაადგინოს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მაქსიმალური საცალო ფასი. ამისთვის პროდუქცია დაიყოფა ჯგუფებად წარმოშობის ქვეყნის (მაგალითად: ევროკავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ისრაელი და სხვა ქვეყნები), მოქმედი ნივთიერების კონცენტრაციის, პრეპარატული ფორმისა (ორიგინალი, ჯენერიკი, სითხე, გრანულა) და დაფასოების მიხედვით. ზედა ზღვრის გამოსათვლელად გამოყენებული იქნება წინა წლის საბითუმო, საცალო და საინვოისო ფასების რაოდენობასთან შეწონილი საშუალო არითმეტიკული მაჩვენებლები.

დადგენილი ფასების დარღვევის შემთხვევაში ბიზნესოპერატორებისთვის სანქციებია გათვალისწინებული: პირველ ჯერზე გამოყენებული იქნება გაფრთხილება, სამართალდარღვევის განმეორებისას - ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო 12 თვის განმავლობაში მესამედ და მეტჯერ განმეორების შემთხვევაში - 30 000 ლარი.

ავტორების განმარტებით, ვინაიდან პესტიციდებისა და აგროქიმიკატების წილი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ხარჯებში კულტურების მიხედვით 20%-დან 50%-მდე მერყეობს, ფასების სტაბილურობა გააუმჯობესებს ქართული აგროსექტორის პროდუქტიულობასა და კონკურენტუნარიანობას. მთავრობამ „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასის სახელმწიფო რეგულირების წესისა და პირობების“ დამტკიცება 2026 წლის 1 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს.