თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარასკევს, ყირგიზეთის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მედიასთან ქვეყნებს შორის არსებულ ეკონომიკურ პოტენციალზე, რეგიონულ დაკავშირებადობასა და მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ორ ქვეყანას შორის უმაღლეს დონეზე ოფიციალური ვიზიტი შედგა, რის გამოც ყირგიზეთის პრეზიდენტი საპასუხო ვიზიტით საქართველოში უკვე მიწვეულია.

კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყნისთვის, საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა და დაკავშირებადობის გაძლიერება სტრატეგიულ ხასიათს ატარებს.

„საქართველო აკავშირებს ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანას საბოლოოდ შავ ზღვასთან და დასავლურ სივრცესთან. აქედან გამომდინარე, ყირგიზეთისთვის მნიშვნელოვანია ჩვენთან თანამშრომლობა ეკონომიკური, სავაჭრო კუთხით და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის გაღრმავება. ყირგიზეთი ბოლო წლებში სწრაფი ტემპით ვითარდება ეკონომიკური კუთხით და მაქსიმალურად ცდილობს გააძლიეროს საკუთარი ფუნქცია დაკავშირებადობის კუთხით. ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძე ბრიუსელში გამართულ სავიზო დიალოგსაც შეეხო და მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება.

მისი თქმით, საქართველო აბსოლუტურად ღიაა დიალოგისთვის და ყველა დასმულ კითხვაზე აქვს მკაფიო პასუხი. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპულ ბიუროკრატიაში მიდგომები შეიცვლება და ქვეყნის მიმართ სამართლიანი პოზიცია ჩამოყალიბდება.

ირაკლი კობახიძემ ასევე უპასუხა ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კრიტიკას, რომელიც საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავების გამო აკრიტიკებს. პრემიერმა ამ განცხადებებს ალოგიკური უწოდა იმ ფონზე, როდესაც თავად აშშ-ც ცდილობს ჩინეთთან კავშირების გაძლიერებას. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული თავდასხმები „გლობალური ომის პარტიის“ გავლენითა და გარე დაკვეთებით ხორციელდება, თუმცა მათ საქართველოსთვის განსაკუთრებული ფასი არ გააჩნია.