თბილისი (GBC) - ევროპელი მოკავშირეები G7-ის სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობენ. ირანის კრიზისის დასრულების შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ მთელ ყურადღებას რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარებაზე მიმართავს. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

საფრანგეთში მიმდინარე სამიტზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება დასტაბილურდა, მისი ადმინისტრაცია უკრაინის საკითხზე კონცენტრირდება.

POLITICO-ს ცნობით, კულუარებში ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ ირანის ყოველდღიური მართვისგან გათავისუფლებული აშშ-ის პრეზიდენტი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე კონტროლს სრულად ჩაიგდებს ხელში, რაც ევროკავშირს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს და რუსეთზე მაქსიმალური წნეხის არსებულ სტრატეგიას ჩაშლის.

შეშფოთებას ისიც აძლიერებს, რომ ტრამპმა უკვე გამართა სატელეფონო საუბრები ვლადიმერ პუტინთან და ვოლოდიმირ ზელენსკისთან. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ამერიკელი მომლაპარაკებლები, სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უახლოეს მომავალში მოსკოვში გამგზავრებას გეგმავენ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის ურყევ მხარდაჭერას აგრძელებს და ბლოკის მიერ გამოყოფილი 90 მილიარდი ევრო კიევის ფინანსური საჭიროებების ორ მესამედს ფარავს. ევროპელი ლიდერები დაჟინებით მოითხოვენ, რომ ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროკავშირიც იყოს წარმოდგენილი.