თბილისი (GBC) – ოთხშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესს საგანგებო მოთხოვნით თითქმის $88 მილიარდი სთხოვა. აღნიშნული თანხა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოთხთვიანი სამხედრო კონფლიქტის ხარჯების დასაფარად, ფერმერების დასახმარებლად და ებოლას ვირუსთან საბრძოლველად არის განკუთვნილი.
გამოცემა Politico წერს, რომ ტრამპის ამ ინიციატივას სენატში რთული გზა ელის, ვინაიდან ორივე პარტიის კანონმდებლები სულ უფრო ფრთხილად ეკიდებიან ახალ მსხვილ ხარჯებს უკიდურესად არაპოპულარული ომის ფონზე.
როგორ განაწილდება მოთხოვნილი $88 მილიარდი?
თეთრი სახლის მიერ გაგზავნილი საგანგებო პაკეტი რამდენიმე მსხვილ მიმართულებას მოიცავს:
- თავდაცვის ხარჯები და პენტაგონი: $67.1 მილიარდი, საიდანაც $21 მილიარდი კონფლიქტში გამოყენებული რაკეტების მარაგების შევსებას მოხმარდება. ასევე, $17.3 მილიარდი გამოყოფილია უშუალოდ ოპერაციებისთვის, ხოლო $1.5 მილიარდი - საწვავის ხარჯებისთვის.
- ტექნოლოგიები და კიბერუსაფრთხოება: $2.4 მილიარდი სამხედრო დრონებისთვის და $5.1 მილიარდი კიბერუსაფრთხოებისა და ავტონომიური სისტემების განვითარებისთვის.
- საიდუმლო პროგრამები: მოთხოვნილი თანხიდან $12.1 მილიარდი გასაიდუმლოებულ თავდაცვით პროექტებზე დაიხარჯება.
პარალელურად, დონალდ ტრამპი რეკორდული, $1.5-ტრილიონიანი სამხედრო ბიუჯეტის დამტკიცებას ცდილობს, რაც მიმდინარე წლის დონესთან შედარებით 50%-იან ზრდას ნიშნავს. დემოკრატები ამ მოთხოვნას მფლანგველურს უწოდებენ და აკრიტიკებენ ადმინისტრაციას შიდასახელმწიფოებრივი პროგრამების შემცირების მცდელობის გამო.
დახმარება ფერმერებს და სხვა შიდა ხარჯები
სამხედრო დაფინანსების გარდა, პაკეტი ითვალისწინებს $11.1 მილიარდს ფერმერების პირდაპირი სუბსიდირებისთვის, რომელთაც ზიანი ტრამპის სატარიფო პოლიტიკამ, გაზრიდლმა ხარჯებმა და ფლორიდაში ამინდით გამოწვეულმა კატასტროფებმა მიაყენა. მიუხედავად ამისა, სენატში ფერმერული შტატების წარმომადგენელი რესპუბლიკელები ამ თანხის $17.2 მილიარდამდე გაზრდას გეგმავენ.
საგანგებო მოთხოვნა ასევე მოიცავს:
- $1.4 მილიარდს ცენტრალურ აფრიკაში ებოლას ვირუსის აფეთქებაზე რეაგირებისთვის;
- $500 მილიონს ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) აღდგენითი და სამშენებლო პროექტებისთვის;
- $1 მილიარდს ნიუ-იორკში მოდერნიზებული პენსილვანიის სადგურის (Penn Station) პროექტირებისა და მშენებლობისთვის.
გამოყოფილ ფულთან ერთად, თეთრი სახლის მოთხოვნა ითვალისწინებს კანაფისგან მიღებული კანაბინოიდური პროდუქტების (CBD) საკანონმდებლო დეფინიციის შეცვლას, რათა შეიქმნას მკაცრი მარეგულირებელი ჩარჩო და აღმოიფხვრას 2018 წლის კანონში არსებული ხარვეზები, რამაც ბაზარზე არაკეთილსინდისიერი აქტორების შემოსვლა გამოიწვია.
გარდა ამისა, ტრამპი კონგრესს მოუწოდებს, მიიღოს კანონი E15 საწვავის მთელი წლის განმავლობაში გაყიდვის თაობაზე, რასაც აქტიურად უჭერენ მხარს სიმინდის მწარმოებელი ფერმერული შტატების წარმომადგენლები, თუმცა აღნიშნული საკითხის გამო სენატის რესპუბლიკელები ორად არიან გაყოფილნი ნავთობისა და აგროინდუსტრიის ინტერესების დაპირისპირების გამო.