თბილისი (GBC) – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას აგრძელებს, რისი დასტურიც ფოთის პორტში ახალი ნავმისადგომის მშენებლობის დაწყებაა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პროექტის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ბოლო წლებში შუა დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მარშრუტად ჩამოყალიბდა, საქართველო კი მძლავრ ეკონომიკურ და ლოგისტიკურ ჰაბად იქცა, რომელიც დამატებით ღირებულებას ქმნის საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვისთვის.

„მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს პორტებში ტვირთბრუნვა 21%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურს - ბოლო სამ წელიწადში აქ ტვირთბრუნვა 78%-ით არის გაზრდილი. ეს ციფრები ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა ჩვენს სატრანსპორტო დერეფანზე ძალიან სწრაფად იზრდება. ჩვენი ამოცანაა, ამ მოთხოვნას თანამედროვე ინფრასტრუქტურით ვუპასუხოთ. სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის სრულ მოდერნიზაციას: ვაფართოებთ პორტებს, ვაშენებთ ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურს, ვაახლებთ სარკინიგზო და საგზაო მაგისტრალებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციას (DFC) და აღნიშნა, რომ პროექტი საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს სახელმწიფოს, ქართულ ბიზნესსა და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს. პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა პროექტის განმავითარებელი ქართული კომპანია PACE Group-ის წარმატებას, რაც აჩვენებს, რომ ადგილობრივ ბიზნესს შესაბამისი კომპეტენცია და რესურსი გააჩნია.

$25-მილიონიანი ამერიკული ინვესტიცია ფოთის პორტში

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ (DFC) ქართულ კომპანია PACE Group-თან $25 მილიონის ოდენობის მეორე სასესხო შეთანხმება ოფიციალურად გააფორმა.

აღნიშნული ფინანსური რესურსი ფოთის ახალი საზღვაო პორტის მეორე ნავმისადგომის მშენებლობის დასრულებას მოხმარდება. პროექტის ეკონომიკური ეფექტი რამდენიმე ძირითად პუნქტს მოიცავს:

  • გამტარუნარიანობის ზრდა: პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში დამატებით 1 მილიონ ტონაზე მეტით გაიზრდება.
  • ტვირთების დივერსიფიკაცია: მნიშვნელოვნად გაიზრდება ნაყარი ტვირთების გადამუშავების შესაძლებლობა.
    რეგიონული კონკურენტუნარიანობა: გაძლიერდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რაც ვაჭრობას ტრანსკასპიური დერეფნის გასწვრივ კიდევ უფრო უსაფრთხოსა და ეფექტიანს გახდის.