თბილისი (GBC) - დონალდ ტრამპმა ენდი ბერნემს „უკიდურესად ლიბერალი“ უწოდა. ეს ამერიკის პრეზიდენტის პირველი საჯარო კომენტარია დიდი მანჩესტერის ყოფილი მერის შესახებ მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი კირ სტარმერის ადგილზე მთავარ ფავორიტად მოგვევლინა. ამის შესახებ The Guardian წერს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბერნემი „სავარაუდოდ, არ გახსნის ჩრდილოეთის ზღვას“ ნავთობის მოპოვებისთვის და დასძინა, რომ „გაერთიანებული სამეფო კვდება“. ეს მიანიშნებს, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ახლად არჩეულ დეპუტატს ტრამპთან, შესაძლოა, რთული ურთიერთობა ჰქონდეს.
ბერნემი წარსულში ტრამპის მიმართ კრიტიკული პოზიციით გამოირჩეოდა. მიმდინარე თვეში, მეიკერფილდში საარჩევნო კამპანიის დროს, მან ამერიკულ პოლიტიკას „პოლარიზებული“ და „მომწამვლელი“ უწოდა.
როდესაც 2021 წელს მომიტინგეები აშშ-ის კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, ბერნემმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა: „ნებისმიერ ბრიტანელ პოლიტიკოსს, რომელიც ტრამპს ყურადღებას აქცევდა, ახლა უნდა რცხვენოდეს“.
ოთხშაბათს დასმულ კითხვაზე, თუ რა იცოდა ბერნემის შესახებ, ტრამპმა უპასუხა: „არ ვიცი, ვფიქრობ, ვნახე, რომ ის, როგორც ჩანს, რომელიღაც ქალაქის მერი იყო“.
„მსმენია, რომ ის უკიდურესად ლიბერალია, უკიდურესად. ეს ნიშნავს, რომ ის, სავარაუდოდ, არ გახსნის ჩრდილოეთის ზღვას“.
2024 წლის ნოემბერში ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, სტარმერი მასთან მომრიგებლური მიდგომის პოვნას ცდილობდა და თავდაპირველად შექებაც დაიმსახურა არაპროგნოზირებად პრეზიდენტთან მოხერხებული მანევრირებისთვის, თუმცა მათი ურთიერთობა ირანის კონფლიქტის გამო გაუარესდა.
The Guardian წერს, რომ ბერნემის გზა დაუნინგ სთრითის 10 ნომრისკენ (პრემიერ-მინისტრის პოსტისკენ) საკმაოდ ღია ჩანს, ვინაიდან „ლეიბორისტულ პარტიაში“ სხვა პოტენციური კანდიდატები თითქმის არ განიხილებიან.