თბილისი (GBC) - ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად მიიღო შეიარაღებაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო ხომალდი, პირველი საესკადრო ნაღმოსანი (Destroyer), რომელიც ბირთვული ქობინების გადამტანი რაკეტებითაა აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
ხომალდის, სახელწოდებით „ჩოე ჰიონის“ (Choe Hyon) ფლოტის შემადგენლობაში შესვლის საზეიმო ცერემონიას ქვეყნის ლიდერი, კიმ ჩენ ინი პირადად დაესწრო. ფხენიანის განცხადებით, 5000-ტონიანი სამხედრო გემი სიმბოლოა ქვეყნის სტრატეგიული გეგმისა, რომელიც სამხედრო-საზღვაო ძალების სრულ ბირთვულ მოდერნიზაციასა და ფლოტის გაფართოებას ითვალისწინებს.
კიმ ჩენ ინმა ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეპოქა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ფლოტი მხოლოდ საკუთარ სანაპირო წყლებს იცავდა, „უკვე საბოლოოდ წარსულს ჩაბარდა“.
სამხედრო ანალიტიკოსების შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ამბიციების ზრდა პირდაპირ კავშირშია რუსეთთან გაღრმავებულ სამხედრო პარტნიორობასთან. მიიჩნევა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში იარაღისა და ცოცხალი ძალის მიწოდების სანაცვლოდ, მოსკოვი ფხენიანს სამხედრო ტექნოლოგიებით, ნავთობითა და სურსათით ამარაგებს. სამხრეთკორეელი ექსპერტების განცხადებით, „ჩოე ჰიონიდან“ ახლახან გამოცდილი ზებგერითი ფრთოსანი რაკეტები, სავარაუდოდ, სწორედ რუსულ ტექნოლოგიურ მხარდაჭერას ეფუძნება.
მიუხედავად იმისა, რომ ახალ ხომალდს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რთული საჰაერო თავდაცვის რადარები არ გააჩნია, ექსპერტები აფრთხილებენ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ჩრდილოეთ კორეის მობილური საზღვაო პლატფორმების შექმნა მკვეთრად გაზრდის დაძაბულობას კორეის ნახევარკუნძულის წყლებში და საფრთხეს შეუქმნის რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტრატეგიულ საზღვაო სავაჭრო გზებს.