თბილისი (GBC) – ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველო შუა დერეფნისთვის ერთიანი გრძელვადიანი სატარიფო მოდელის შექმნაზე მუშაობენ. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ ჟომართ თოყაევმა განაცხადა.
ყაზახეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტოკაევმა ეს განცხადება ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, კომპანია Mediterranean Shipping Company-ის (MSC) უფროს ვიცე-პრეზიდენტთან ედუარდ სიეგრისტთან შეხვედრისას გააკეთა.
ტოკაევის თქმით, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალის გასაძლიერებლად მიმდინარეობს რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის, კასპიის ზღვაზე სატვირთო ფლოტის გაფართოება, აზერბაიჯანთან ერთად ფსკერის გაღრმავების სამუშაოები და კურიკის პორტის მოდერნიზაცია.
შეხვედრაზე მხარეებმა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებიც განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კონტეინერიზაციის დონის ზრდას დაეთმო, რაც ტვირთბრუნვის მნიშვნელოვან ზრდას უნდა შეუწყოს ხელი.
თოყაევმა აღნიშნა, რომ შუა დერეფნის განვითარება ყაზახეთისთვის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს და მიესალმა MSC-ის ინტერესს კასპიის სანაპიროზე საპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელების მიმართ.
თავის მხრივ, MSC-ის წარმომადგენელმა კომპანიის გრძელვადიანი საინვესტიციო გეგმები წარადგინა, რომლებიც ყაზახეთში ლოგისტიკურ ტერმინალებში, სარკინიგზო აქტივებში, საპორტო ინფრასტრუქტურაში, საზღვაო მომსახურებებსა და სატვირთო ავიაგადაზიდვებში ინვესტიციებს მოიცავს.