თბილისი (GBC) – ქართველი ბიზნესმენის მიხეილ ლომთაძის ყაზახურმა ფინტექ-კომპანიამ Kaspi.kz 24 ივნისს თურქეთის საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოსგან მიიღო ნებართვა თურქული Rabobank A.Ş.-ის შეძენაზე.
კომპანიის ინფორმაციით, გარიგების დასრულება 2026 წლის ივლისში იგეგმება, მას შემდეგ, რაც სტანდარტული პროცედურები დასრულდება.
Kaspi.kz-ის ხელმძღვანელმა და თანადამფუძნებელმა მიხეილ ლომთაძემ რეგულატორის გადაწყვეტილებას კომპანიის თურქეთში განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი უწოდა.
„გარიგების დასრულების შემდეგ ვგეგმავთ ჩვენი გამოცდილების გამოყენებას გადახდების, ელექტრონული კომერციისა და ფინტექის სფეროებში, რათა თურქეთში მომხმარებლებისა და ბიზნესისთვის ციფრული შესაძლებლობები გავაფართოოთ“, – განაცხადა ლომთაძემ.
ნიდერლანდური საბანკო ჯგუფის, Rabobank-ის თურქული შვილობილი კომპანიის შეძენის შესახებ შეთანხმება 2025 წლის მარტში გაფორმდა, თუმცა გარიგების დასრულება რეგულატორის თანხმობის მოლოდინის გამო გადაიდო. გარიგების ღირებულება არ ხმაურდება.
Kaspi.kz-ის ინფორმაციით, Rabobank A.Ş.-ს თურქეთში საბანკო ლიცენზია აქვს, თუმცა არ ჰყავს მსესხებლები, დეპოზიტარები და არ ფლობს ფილიალების ქსელს. შესაბამისად, ყაზახური კომპანია იძენს არა მოქმედ საცალო ბანკს მომხმარებელთა ბაზით, არამედ ლიცენზირებულ პლატფორმას, რომლის საფუძველზეც თურქეთის ბაზარზე საკუთარი ფინანსური სერვისების განვითარებას გეგმავს.
Kaspi.kz უკვე ოპერირებს თურქეთში ონლაინ-მარკეტპლეისის, Hepsiburada-ის მეშვეობით, რომლის საკონტროლო პაკეტი კომპანიამ 2025 წელს შეიძინა.